იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ პრესრელიზს ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ ჯგუფს შორის მრავალი წელია, მიმდინარეობს სამართლებრივი დავები სხვადასხვა იურისდიქციაში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა.
სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით, „კრედიტ სუისმა“ მასზე დაკისრებული თანხა, 607.35 მილიონი აშშ დოლარი, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო გამარჯვებულ მხარეს აღნიშნულ თანხაზე წვდომა გაუჩნდება მას შემდეგ, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება. ამ ინფორმაციის გაჟღერების კვალდაკვალ, ჩვენ ვაცხადებდით, რომ საქმის განვითარების შესახებ საზოგადოებას კურსში ვამყოფებდით იმ მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საკითხის მიმართ არსებობს.
ამ პრესრელიზის მიზანი სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა კიდევ ერთი სასამართლო დავის შესახებ, რომლის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში. ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა თავად მთავარი მოსარჩელის, ბატონი ივანიშვილის გამოკითხვაც. სადავო საკითხის პრეცედენტული მნიშვნელობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ სადავო თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება (საიდანაც არსებობს გარკვეული გადაფარვები ბერმუდაზე მიკუთვნებულ თანხასთან, ხოლო წმინდად დასაკისრებელი თანხა, მოსარჩელის პოზიციით, 900 მილიონ აშშ დოლარს აღემატება), სასამართლოს მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით. აღნიშნულის დასტურად, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ სინგაპურში მიმდინარე პროცესი ჯამურად, დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. მათ შორის, სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“. საყურადღებოა, რომ თემა არ გაშუქდა ბატონი ივანიშვილისადმი ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რის მიზეზიც, ვფიქრობთ, ცხადია, თუკი გავეცნობით ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურებას, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისის“ სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა: პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისმა“ ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის. ჩვენ შეგნებულად აღარ შევალთ უფრო დეტალურ შეფასებაში და წინ არ გავუსწრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი დავაკვირდებოდით სასამართლო პროცესს, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი. კრიტიკული მედიის მხრიდან ამ საკითხზე დუმილი, ვფიქრობთ, სწორედ ამგვარ რეალობას – ბატონი ივანიშვილის მიერ წარმატებულად წარმართულ პროცესს მიეწერება.
გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ დავის მიმდინარეობისას გამოკვეთილ კიდევ რამდენიმე საგულისხმო გარემოებაზე, რაც საზოგადოებას პროცესის უკეთ, უფრო ნატურალურად აღქმის უკეთეს მისცემს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, ცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე. მეტიც, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა დანაშაულებს. მოსამართლემ იქვე დაუსვა ბანკს შეკითხვა ამ საკითხზე, რის შედეგადაც ბანკი იძულებული გახდა, მარტიდან გაჩერებული თანხების ნაწილი გადმოერიცხა კლიენტისთვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადმორიცხული. ამ საკითხზე სინგაპურის სასამართლო რეაგირებას ვერ მოახდენდა, რადგან ხსენებული მეორე ტრასტი სხვა იურისდიქციას ეკუთვნის. საგანგებოდ ხასგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისის“ ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამე გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის.
ამდენად, ბანკი ხელწერა არ შევლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა, განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირეაქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია. ვფიქრობთ, უფრო სიმპტომატურია ის, რომ „კრედიტ სუისის“ ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, იმდენად შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით, რომ უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ. მას არაერთი მცდელობა ჰქონდა მოსარჩელის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და ღიად აღნიშნავდა, რომ თავადაც აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბანკმა საკითხი სასამართლომდე მიიტანა და შვეიცარიაშივე არ უზრუნველყო საკითხის მოგვარება, კლიენტის სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. მეტიც, მან გამოთქვა მზაობა, ჩამოსულიყო საქართველოში და პირადად გაესაუბრა ბატონ ივანიშვილთან და ბოდიშიც კი მოეხადა ბანკის ქმედებებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში. ბანკის წარმომადგენლის ამგვარი მოქმედება, ზოგადად, ჯდება ბანკის პოლიტიკაში, რადგან ბანკი ყოველთვის ცდილობს, ამგვარი პრობლემური საკითხები რაც შეიძლება მოკლე დროში და უხმაუროდ დაასრულოს, კლიენტთან მოლაპარაკების გზით. ამ მხრივ, ბატონ ივანიშვილთან დავა გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან ბანკს მანამდე არცერთხელ მოლაპარაკების მზაობა არ გამოუმჟღავნებია. ბატონი ივანიშვილის პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკს ჯერ სამართლიანობა უნდა აღედგინა და მის მიერ მარტის თვიდან დაკავებული ის თანხა უნდა გადმოერიცხა, რომელიც არ არის სადავო და რომ ეს თანხა მოლაპარაკების ნაწილი ვერ იქნებოდა. ამდენად, ბატონი ივანიშვილი არ იყო მზად სამართლიანობის აღდგენამდე და ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება.
უცნაურია, რომ ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლის რამდენიმედღიანი აქტიური მცდელობების შემდეგ, ბანკმა, შეიძლება ითქვას, მკვეთრად დაამუხრუჭა პროცესი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დამოკიდებულების ასეთი უეცარი ცვლილება ბანკის ტოპმენეჯმენტის შიდა კონსულტაციის შედეგს წარმოადგენს. მეორე გარემოება, რომელიც პროცესში მონაწილე „ემ-ქეი-დი“-ს გუნდის დაკვირვების შედეგს წარმოადგენს არის შემდეგი: როგორც ბერმუდაზე, ისე სინგაპურში მიმდინარე პროცესზე გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები კლიენტის ანგარიშებზე დაფიქსირებულია 2008-2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებისა და დანაშაულის სიმრავლე და ხასიათი უპრეცედენტო იყო, ბანკმა აღნიშნული დარღვევები მხოლოდ 2015 წელს დააფიქსირა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც კლიენტმა მის ანგარიშზე არსებული მსხვილი თანხების სხვა მისამართით გადარიცხვა განიზრახა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ანგარიშებზე თანხები იმაზე მკვეთრად მცირე იყო, ვიდრე ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებულ მონაცემებში ჩანდა. ამის შემდეგ, ბანკმა დასწრებაზე მიმართა პროკურატურას თავისივე თანამშრომლის წინააღმდეგ, რათა ბატონი ივანიშვილის მოსალოდნელი საჩივარი და განცხადებები გადაეფარა.
შედეგად, მილიარდიან და მრავალწლიან ზიანზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი თანამშრომლისკენ მიიმართა, რომელსაც ბრალიც და მსჯავრიც დაედო. ერთი პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობის ფონზე, ჩვენი გაოცება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს (FINMA) დასკვნის მიხედვით, ბანკის მენეჯმენტს ჯერ კიდევ 2010 წელს სცოდნია არსებული დარღვევების შესახებ, როდესაც ბანკის შიდაკონტროლის სისტემამ ასეულობით განგაშის სიგნალი (alert) დააფიქსირა მოცემული დარღვევების შესახებ. ბანკის მენეჯმენტმა ხსენებული საგანგაშო სიგნალები სრულად უგულებელყო და შექმნა კომფორტული სივრცე, რათა ბატონი ივანიშვილის მიმართ დანაშაული დამატებითი წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. მეტიც, ბანკი არათუ უშვებდა დამნაშავე თანამშრომლის მიერ თავისი პოზიციის კვლავაც დაკავებას და დანაშაულის ჩადენას, არამედ დამატებით ბონუსებს უხდიდა ამავე თანამშრომელს. ობიექტურ დამკვირვებელს, თუკი მოუსმენდა სხდომის მიმდინარეობას და მოწმეთა ჩვენებებს, შეუძლებელია მას არ გასჩენოდა განცდა, რომ ბანკის მენეჯმენტმა, სულ მცირე 2010 წლიდან მოყოლებული, შეგნებულად დაუშვა კლიენტის მიმართ დანაშაული და მისი ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად დაზიანება. მართალია, სინგაპურში მიმდინარე პროცესის გაშუქებას ვერც ერთმა სექტორულმა (ფინანსებით, საბანკო სფეროთი და ეკონომიკით დაინტერესებულმა) მედიასაშუალებამ თავი ვერ აარიდა ვერც საერთაშორისო დონეზე და ვერც შვეიცარიაში, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ ამ ფონზეც კი, შვეიცარიული მედია დღემდე თავს იკავებს ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის გამოქვეყნებისგან, რომელზეც ივლისის თვეში ვსაუბრობდით: კლიენტი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ბანკის მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს არა მხოლოდ ბანკს, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორის რეპუტაციას, რაც, თავის მხრივ, დარტყმის ქვეშ აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოსაც. სინგაპურში მიმდინარე პროცესი კიდვ ერთხელ აჩვენებს, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯსაც.
რომ შევაჯამოთ: პირველი, ბატონი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მის ფინანსურ მდგრადობაზე ყველაზე დიდი დარტყმის მიყენება ბანკის მიერ მოხდა 2008-2010 წლებში, რაზეც ბანკის მენეჯმენტის რეაგირება იყო არა დამნაშავე თანამშრომლის გამოაშკარავება, არამედ, პირიქით, მისი წახალისება და ეს მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ თავად ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს აღარ დარჩა სხვა გზა, გარდა პროკურატურისთვის დასწრებაზე მიმართვისა;
მეორე, ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ საბანკო ჯგუფის ახლად დანიშნულმა იურიდიული სამსახურის უფროსმა სრულიად კორექტული პოზიცია დაიკავა, რაც მდგომარეობდა ბანკის წინა პერიოდში განხორციელებული ქმედებებით აღშფოთებასა და საკითხის სასწრაფოდ მორიგების გზით დარეგულირების მზაობაში, რაც, მათ შორის, საქართველოში ვიზიტსა და ბოდიშიც მოხდასაც კი გულისხმობდა, თუმცა რამდენიმე დღეში მან მკვეთრად შეიცვალა პოზიცია (რისი მიზეზიც ნამდვილად არ ყოფილა სასამართლო დავაში ბანკის პოზიციის რაიმეგვარი გაუმჯობესება, პირიქითაც) და თავისივე ინიცირებულ საკითხზე ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა;
მესამე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია შვეიცარიული მედიის მიდგომა, რომ მიუხედავად დავის ფართოდ გაშუქებისა და, მათ შორის, იმის აღნიშვნისა, რომ ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია, ყველა მედიასაშუალება მაინც ერიდება ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის შემცველი წერილის გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად შეგნებულად აზიანებს ბანკს, საბანკო სისტემასა და სახელმწიფოს იმიჯს. სამწუხაროდ, ბანკის გადაწყვეტილება, რომ მისივე ინიცირებული მორიგების პროცესი თავადვე შეეწყვიტა, სრულიად ჯდება ამ ხაზში. და მეოთხეც, ის ერთადერთი თანამშრომელიც კი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალწლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელით შემოფარგლა შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ, რის შემდეგაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ფაქტის კონსტანტირება იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ სამოქალაქო დავების არსებითი განხილვის დაწყებამდე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ნებისმიერი არსებითი განვითარების შესახებ“, – აღნიშნულია იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ პრესრელიზში.