იური სუსლიაკი იმედოვნებს, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოში დაკავებულ მის მეუღლეს გაათავისუფლებენ
იური სუსლიაკი იმედოვნებს, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოში დაკავებულ მის მეუღლეს გაათავისუფლებენ

არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით საქართველოში დაკავებული იულია სუსლიაკის მეუღლე, იური სუსლიაკი აცხადებს, რომ ბავშვები, რომელიც მისმა მეუღლემ საქართველოში ჩამოიყვანა, კანონის სრული დაცვით, უკრაინაში სუროგაციის გზით გაჩნდნენ და ამის ყველა დოკუმენტი არსებობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს იური სუსლიაკმა განუცხადა, ის მიიჩნევს, რომ შესაბამის უწყებებში ამის შესახებ დასტურის მისვლისთანავე საქმე დაიხურება.

ამასთან, სუსლიაკი ამბობს, რომ ზუგდიდში, სადაც მის მეუღლეს ბავშვები ჰყავდა, სათანადო პირობები არ იყო, თუმცა მისი თქმით, აღნიშნულ სახლში იულია სუსლიაკი პოლიციამ მიიყვანა.

„ბავშვები უკრაინაში გაჩნდნენ აბსოლუტურად კანონის დაცვით, სუროგაციის გზით. ამის ყველა დოკუმენტი არსებობს. ვფიქრობ, როდესაც ამაზე დასტური მიუვათ, საქმეც დაიხურება. ჩვენ დავიწყეთ სუროგაციის პროგრამა და წარმატებით დასრულდა. გვინდოდა და გვინდა დიდი ოჯახი, ბევრი შვილით. სადაც ბავშვები იყვნენ, ცუდი პირობები იყო, თუმცა იქ ჩემი მეუღლე პოლიციამ მიიყვანა და მას ბავშვების მოვლის საშუალება არ მიეცა. პოლიციამ მიიყვანა იქ, სადაც არ იყო პირობები. დაასახლეს შენობაში, სადაც ორი საწოლი იყო, არც საჭმლის მომზადების, არც დალაგების შესაძლებლობა არსებობდა. მანამდე ჩემი მეუღლე სასტუმროში იყო“, – განაცხადა სუსლიაკმა.

ამასთან, მისი თქმით, ბავშვები სწორედ იმ ბინაში მოიწამლნენ, სადაც იულია სუსლიაკი პოლიციამ შეასახლა.

„ის დაკითხვებზე იყო და არ ეძლეოდა შესაძლებლობა, ბავშვებისთვის მიეხედა. სწორედ იქ მოიწამლა ჯერ ერთი შვილი, შემდეგ სხვა ბავშვები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან იური სუსლიაკმა.

მისი თქმით, მეუღლე მასთან უნდა ჩასულიყო და ამისთვის ერთადერთი კანონიერი გზა საქართველოს გავლით წასვლა იყო.

„ჩემი ცოლი ჩემთან მოდიოდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად ერთადერთი კანონიერი გზა სწორედ საქართველო იყო. მე დავარღვიე საქართველოს კანონი, ისე წამოვედი აფხაზეთში, თუმცა ჩემ ცოლს არ უნდოდა კანონის დარღვევა და ზუგდიდში ჩავიდა, რათა წამოსულიყო აფხაზეთში, შესაბამისი საბუთებიც ჩააბარა. რატომ უნდოდა აქ? რადგან აქ ვარ. ჩემს ბიზნესს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ მე არც ვიმალები, არც ძებნაში ვარ და შემიძლია, უკრაინაში ჩავიდე. მინდა, ჩამოვიდე და დავეხმარო ჩემს ცოლს, თუმცა ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ მე საქართველოს კანონი დავარღვიე და არ ვიცი,რამდენად შევძლებ“, – განაცხადა იური სუსლიაკმა.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

ადვოკატი ზურაბ თოდუას განცხადებით, უკრაინელი ქალი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 შვილის დედაა, ტრეფიკინგის ბრალს არ აღიარებს. მისი ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მყოფ მეუღლესთან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა.

ამასთან, ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, იური სუსლიაკი უკრაინაში, კერძოდ ოდესაში ფლობდა სამშენებლო კომპანიას, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციას აერთიანებდა. 2016 წელს კი, გავრცელდა პირველი ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ პრობლემებთან, დაუსრულებელ სამშენებლო ობიექტებთან და დიდი ოდენობის თანხების მითვისებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ბავშვების მოწამვლას, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.