ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალი აფხაზეთში მყოფ მეუღლესთან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა
ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალი აფხაზეთში მყოფ მეუღლესთან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა

ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინელი ქალი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 შვილის დედაა, ტრეფიკინგის ბრალს არ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქალი შვილებთან ერთად მიდიოდა აფხაზეთში, მეუღლესთან, რომელიც არის უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი იური სუსლიაკი, უკრაინიდან კი, კომერციული ინტერესების გამო წავიდა და აფხაზეთს აფარებს თავს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ოჯახი იური სუსლიაკს რუსეთში ჰყავდა გადაყვანილი თავშესაფრის მოთხოვნით, საიდანაც დეპორტაციის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდნენ.

რაც შეეხება ათი ბავშვიდან ოთხის 2017 წელს დაბადებას, ადვოკატის თქმით, მშობლები მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან და მათაც ბევრი შვილი უნდოდათ. მას შემდეგ კი, რაც ექიმებმა იულია სუსლიაკს ორსულობა აუკრძალეს, შვიდ სუროგატ დედასთან გაფორმდა ხელშეკრულება და ბავშვებიც გაჩნდნენ. ამის შემდეგ კი, ზურა თოდუას თქმით, ოჯახი ერთი წელი ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც იულია სუსლიაკმა იმკურნალა. ასაკით ყველაზე პატარა ბავშვი სწორედ ამერიკაში გაჩნდა და იქაური მოქალაქეა.

რაც შეეხება ბავშვების ინტოქსიკაციას, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ბავშვები წყლით ან სოსისით მოიწამლნენ.

უკრაინელი ქალის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლე, ცნობილი ბიზნესმენი იური სუსლიაკი მას ინტერნეტით დაუკავშირდა და იულია სუსლიაკის დახმარება სთხოვა. ადვოკატის თქმით, იური სუსლიაკმა მას უთხრა, რომ მის მეუღლეს და ათ შვილს საავადმყოფოდან გუშინ საღამოს გამოწერდნენ და ბინის ქირაობაში დახმარებოდა. ზურაბ თოდუას თქმით, მან წყნეთში ბინაც იქირავა და სამი ძიძაც, რომლებიც ბავშვების მოვლაში უნდა დახმარებოდნენ.