საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოში უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის ოლიმპიური სკოლის მოსწავლეები ჩამოვიდნენ
საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოში უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის ოლიმპიური სკოლის მოსწავლეები ჩამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინიდან საქართველოში ქალაქ ნიკოლაევის ოლიმპიური სკოლის მოსწავლეები ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოში თითქმის ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

უკრაინელ ბავშვებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა რადას საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა მარჩენკო.

სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერიის წარმომადგენლები დახვდნენ.

„საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორცილებთ. უკრაინიდან ჩამოვიყვანეთ ბავშვები, რომლებიც ნიკოლაევის ოლიმპიური სკოლის მოსწავლეები არიან. საომარი მოქმედებების დროს ქალაქიც და სკოლაც განადგურდა და ისინი ბოლო მომენტამდე თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ახლა კი ისინი უკვე უსაფრთხოდ არიან თბილისში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად ვაგრძნობინოთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მხარდაჭერა. ისინი თითქმის ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან საქართველოში. მათ მეგობრული შეხვედრა ექნებათ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, ასევე საქართველოს პარლამენტში გვესტუმრებიან და დაგეგმილი გვაქვს ძალიან საინტეროსო პროგრამა, რომ ვაჩვენოთ, თუ როგორი განწყობა არის საქართველოში უკრაინის მიმართ, თუ რა ძლიერად უჭერს ჩვენი ხალხი და ქვეყანა უკრაინას მხარს. ეს არის ჩვენი სოლიდარობისა და ჩვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ინიციატივა. უკრაინის სუვერენიტეტსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საქართველო მხარს უჭერს. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ამ ბავშვების ბევრი მშობელი საომარ მოქმედებებში, ბრძოლის ველზეა, შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ვაგრძნობინოთ თავი, როგორც საკუთარ სახლში და ამ ორი კვირის განმავლობაში შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, სიმშვიდე და მათ რეაბილიტაციას ამით დავეხმაროთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ლუდმილა მარჩენკოს თქმით, უკრაინელი ბავშვებისთვის საქართველოში სტუმრობა და რეაბილიტაცია დიდი საჩუქარია.

„ბავშვები ნიკოლაევიდან ჩამოვიდნენ. ისინი ათდღიან რეაბილიტაციას გაივლიან „დინამოს“ ბაზაზე. ძალიან კარგად აქვთ გაწერილი გრაფიკი. შეხვედრები ექნებათ პარლამენტში. ასევე, ეწვევიან მუზეუმებს, იმეცადინებენ და რეაბილიტაციას გაივლიან თითქმის ამ წლის ბოლომდე. დღეს წმინდა ნიკოლოზის დღეა და ამ დღეს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველმა ხალხმა უკრაინელ ბავშვებს“, – აღნიშნა ლუდმილა მარჩენკომ.