იური რატასი - ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო დონეზე ძლიერი თანამშრომლობისთვის მზად ვართ
იური რატასი - ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო დონეზე ძლიერი თანამშრომლობისთვის მზად ვართ

ესტონეთსა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ესტონეთი ყოველთვის იყო და არის ქართველი ხალხის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე იური რატასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ კოლეგა კახა კუჭავასთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

„ესტონეთსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ესტონეთი ყოველთვის იყო და არის საქართველოს, ქართველი ხალხის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. ვფიქრობ, ეს პოტენციალი უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ, რათა კავშირები მეტად გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება. საპარლამენტო დონეზეც ძლიერი თანამშრომლობა გვჭირდება და ამისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ვიზიტით ვენაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპული ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იქნება, ხოლო აზიური და აფრიკული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან კახა კუჭავა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაამახვილებს ყურადღებას.