მართალია, იუპიტერის მთვარე ევროპა მთლიანად ყინულით არის დაფარული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყინულს იქ ყველგან ერთნაირი ტემპერატურა აქვს.
დედამიწიდან შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერებმა ევროპას ზედაპირის ცივი და ცხელი წერტილების ადგილმდებარეობა განსაზღვრეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ ტემპერატურულ ცვლილებათა დიდი ნაწილის ახსნა შესაძლებელია ყინულზე მზის სხივების გავლენით, მკვლევრებმა შენიშნეს ერთი უჩვეულოდ ცივი წერტილი, რომელიც მათ ახალი კვლევის დაწყებისკენ უბიძგებს.
ეს წერტილი ევროპას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს და კარგად ჩანს სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებში, რამაც მეცნიერები საკმაოდ გააკვირვა. მათ დაზუსტებით არ იცოდნენ, რას შეიძლება გამოეწვია ადგილობრივი სიცივე, მით უმეტეს, რომ უცნობი იყო რაიმე გეოლოგიური პროცესი, რომელიც მასზე შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხისმგებელი.
სავარაუდოდ არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც საინტერესო დამთხვევა ხდება ევროპას ზუსტად მეორე მხარეს — უჩვეულოდ თბილი ზონა პუილის კრატერთან, რომელიც ევროპას ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დარტყმითი წარმონაქმნია. როგორც მკვლევრები წერენ, ეს ლოგიკურიც არის, რადგან მზის სისტემის სხვა სხეულებზე ასეთი კრატერები როგორც წესი, მეტ სითბოს ინარჩუნებენ მიმდებარე ზონებთან შედარებით.
მონაცემები ჩილეში განთავსებულმა ატაკამის ფართო მილიმეტრულმა/სუბმილიმეტრულმა ტელესკოპმა ALMA-მ შეაგროვა. ამის შემდეგ, მკვლევრებმა ეს მონაცემები ევროპას თერმული მოდელის მიერ პროგნოზირებულ ტემპერატურებს შეადარეს. მოდელი დაფუძნებულია ხომალდ ვოიაჯერ 2-ის მიერ ჩატარებულ დაკვირვებებზე და მხედველობაში იღებს პლანეტაზე დაცემულ მზის სინათლის ოდენობას და ყინულოვანი ზედაპირის მიერ მის არეკვლას.
ევროპას ზედაპირის უმეტეს ნაწილზე მონაცემები და მოდელი ერთმანეთს კარგად ემთხვევა. გამონაკლისია მხოლოდ პუილის კრატერი და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ცივი წერტილი. მეცნიერები ასევე გააოცა იმ ფაქტმა, რომ არ არსებობდა დიდი კავშირი ადგილობრივ გეოლოგიურ მახასიათებლებსა და ცივ ტემპერატურას შორის.
ჯგუფი ALMA-ს საშუალებით ევროპას ზედაპირის ტემპერატურების კვლევას განაგრძობს, რათა მათი შეფასება უფრო დამაჯერებელი გახდეს. თუმცა, რაც არ უნდა მოიწადინონ, დედამიწიდან კვლევისას შეიძლება, ბევრს ვერაფერს გახდნენ. ერთადერთ იმედად NASA-ს მისია Europa Clipper-ი რჩება, რომელიც 2020-იან წლებში გაეშვება.
ევროპა მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად არის მიჩნეული.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია სერვრზე arxiv.org.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.