იუპიტერის მაგნიტური ველი მისი თანამგზავრის, ევროპას ოკეანეს ამოძრავებს - ახალი კვლევა
მკვლევართა ჯგუფმა იპოვა მტკიცებულება, რომ იუპიტერის მაგნიტური ველი წყლის დინებას იწვევს მისი ბუნებრივი თანამგზავრის — ევროპას ზედაპირქვეშა ოკეანეში.
ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, კრისტოფ გისინჯერი და ლუდოვიკ პეტიდემანჟი აღწერენ ხომალდ „გალილეოს“ მიერ შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგებს.
მკვლევრები პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ იუპიტერს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს — იმდენად ძლიერი, რომ გავლენას ახდენს თავის მთვარეებზე. აღნიშნავენ იმასაც, რომ ევროპას ზედაპირქვეშა ოკეანე მარილიანია. მაგნიტური ველის მოქმედება მლაშე ზღვაზე უნდა იწვევდეს ელექტროენერგიის გატარებას, რაც სავარაუდოდ, ოკეანეში იწვევს დინებებს.
იმის გასარკვევად, რა სახის მოძრაობა შეიძლება იყოს ეს და ასევე, სხვა რა გავლენები აქვს იუპიტერის მაგნიტურ ველს ევროპას ოკეანეზე, მკვლევრებმა კომპიუტერული სიმულაციები ჩაატარეს.
როგორც სიმულაციებმა აჩვენა, დინებები უნდა წარმოიქმნებოდეს ევროპას ეკვატორის სიახლოვეს და მოძრაობდეს წამში რამდენიმე სანტიმეტრის სიჩქარით, ღერძის გარშემო ევროპას ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით.
მკვლევართა აზრით, ასეთი საწინააღმდეგო მოძრაობა უნდა იწვევდეს დაძაბულობას ევროპას ზედაპირზე, რასაც ხანდახან ნაპრალების წარმოქმნაც შეუძლია. შესაბამისად, კარგად აიხსნება ევროპას ზედაპირზე სხვა მკვლევართა მიერ შემჩნეული ნაპრალები.
გარდა ამისა, მკვლევრები აღნიშნავენ იმასაც, რომ ევროპას ოკეანეს იუპიტერის მაგნიტური ველის ენერგია სრულად არ გადაეცემა, გარკვეული ნაწილი უბრალოდ იფანტება, მაგალითად ევროპას პოლუსებთან. თუ ყველაფერი მართლაც ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპას ყინულოვანი საფარი თანდათან გათხელდება, რადგან დნობასთან ერთად, დროთა განმავლობაში წყალი ზედაპირზე ამოვა. მართლაც, ეს პროცესი ევროპაზე უკვე შეინიშნება — პოლუსების სიახლოვეს, ზედაპირქვეშა ოკეანიდან გიგანტური ჭავლები იფრქვევა.
მკვლევართა ვარაუდით, ევროპას დინება შესაძლებელია შევადაროთ დედამიწის ერთ-ერთ დინებას — გოლფსტრიმს. აღსანიშნავია, რომ გოლფსტრიმს ოკეანის მასშტაბით გადააქვს ნივთიერებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია სიცოცხლისთვის. თუ ევროპაზე სიცოცხლე არსებობს, არ არის გამორიცხული, მისი დინებაც იგივე როლს ასრულებდეს.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.