იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა. მისი გადაწყვეტილება იტალიის საყოველთაო არჩევნებში პარტიის მიერ განცდილ მარცხს მოჰყვა.
რენცის პარტიამ ხმების 20 პროცენტზე ნაკლები მიიღო, რაც 2007 წლიდან, მისი დაარსების დღიდან ყველაზე ცუდი შედეგია. ამომრჩეველთა მხარდაჭერა პარტიამ ვერ მოიპოვა მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის განმავლობაში ევროზონის ეკონომიკის სიდიდით მესამე ქვეყანამ წინსვლა განიცადა.
იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა 37%-მდე მიიღო. ბერლუსკონის პარტიის ბლოკში ულტრამემარჯვენე „ჩრდილოეთის ლიგა“ შედის.
მეორე ადგილზე ევროსკეპტიკური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავია“, რომელსაც ამომრჩეველთა თითქმის 31%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილს ხმების 24%-ით მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია იკავებს. რენციმ დამარცხების შესახებ რომში, პარტიის შტაბბინაში გამოაცხადა.
„აშკარაა, რომ მე დავტოვებ პარტიის ლიდერის პოსტს“, – განაცხადა რენციმ, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდანაც გადადგა, როცა 2016 წელს იტალიელებმა საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმზე მის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
„იტალიელმა ხალხმა ჩვენგან ოპოზიციაში გადაბარგება მოითხოვა და ჩვენც სწორედ იქ წავალთ. ჩვენ არასდროს ჩამოვაყალიბებთ მთავრობას ანტისისტემური ძალებით“, – განაცხადა რენციმ ევროსკეპტიკური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავისა“ და „ჩრდილოეთის ლიგის“ შესახებ საუბრისას.