იტალიის ყოფილ შს მინისტრს 2019 წელს მიგრანტების სამაშველო გემის პორტ ლამპედუზაში შეშვებაზე უარის თქმის გამო, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
პალერმოში იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მოსმენა, 2019 წელს იტალიის პორტში ესპანური სამაშველო გემის შეშვების აკრძალვის შესახებ მიმდინარეობს. სალვინის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი, რისთვისაც მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სალვინის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში მოწმეების სტატუსით მიწვეულნი არიან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და სხვა ყოფილი მინისტრები.
მატეო სალვინი, რომელიც პარტია „ნაციონალური ლიგის“ წევრია, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2018-2019 წელს იკავებდა.
2019 წელს ესპანურმა სამაშველო გემმა 160 მიგრანტი გადაარჩინა ხმელთაშუა ზღვაში. გემმა იტალიის პორტ ლამპედუზაში ითხოვა შეშვება, თუმცა უარი ეთქვა. გემი 19 დღის განმავლობაში იდგა ღია ზღვაში. მაღალი ტემპერატურის, ცუდი ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობების გამო, მიგრანტთა დიდი ნაწილი ზღვაში გადახტა და ცურვით სცადა იტალიის ნაპირთან მისვლა. საბოლოოდ იტალიის სასამართლომ გააუქმა მატეო სალვინის აკრძალვა, სამაშველო გემების იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის შესახებ და გემზე მყოფ 83 მიგრანტს ლამპედუზას პორტში შესვლის უფლება მისცა.
მატეო სალვინი ამტკიცებდა, რომ მისი ქმედებები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში იყო.