იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გენუაში, სადაც ხიდი ჩამოინგრა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ჯუზეპე კონტემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გენუასა და მის მიმდებარე რაიონებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება რეგიონული ხელისუფლების მოთხოვნით მიიღო.
გენუაში ხიდის ჩანგრევის გამო, საპორტო ქალაქისა და სამხრეთ საფრანგეთის დამაკავშირებელი მთავარი სახმელეთო დერეფანი ჩაიკეტა.
გარდა ამისა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ოპერატორ კომპანიას Autostrade-ს ხიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.
შემთხვევა გენუაში გუშინ მოხდა. ხიდის ჩამონგრევას, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი ემსხვერპლა.