იტალიის პოპულისტურ კოალიციას მთავრობის ფორმირების მორიგი შანსი მიეცა
იტალიის პოპულისტურ კოალიციას მთავრობის ფორმირების მორიგი შანსი მიეცა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლო კოტარელიმ ტექნოკრატების კაბინეტის შექმნაზე უარი განაცხადა. ამ ხერხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჯუზეპე კონტეს კოალიციური მთავრობის ფორმირების მორიგი მცდელობისთვის გაუხსნა გზა.
ჯუზეპე კონტე პირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე რვა დღის წინ დანიშნეს, თუმცა, მთავრობის ფორმირების მცდელობა კრახით დასრულდა. მიზეზი ფინანსთა მინისტრის პოსტი გახდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ აღნიშნულ თანამდებობაზე ევროსკეპტიკოსი პაოლო სავონის კანდიდატურა არ დააკმაყოფილა.
ახლა მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ ლიდერი, ლუიჯი დი მაიო ფინანსთა მინისტრის პოსტზე, პაოლო სავონის ნაცვლად, სხვა კანდიდატურის წაყენებას არ გამორიცხავს.
იტალიაში პოპულისტური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და პარტია „ლიგა“ მთავრობის ფორმირებას უკვე მესამე თვეა უშედეგოდ ცდილობენ.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია