იტალიის ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მეთაურობით ფიცი დადო
იტალიის ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მეთაურობით ფიცი დადო. საზეიმო ცერემონია კვირინალის სასახლეში, პრეზიდენტ სერჯო მატარელას თანდასწრებით გაიმართა.
იტალიის მთავრობა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ და „დემოკრატიული პარტიის“ წევრებით დაკომპლექტდა. ასევე მთავრობის შემადგენლობაში არიან უპარტიო მინისტრები და მემარცხენე პარტია „თავისუფლების და თანასწორების“ წარმომადგენლები.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ლუიჯი დი მაიო გახდა. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, რომელსაც ადრე მატეო სალვინი იკავებდა, მილანის ყოფილმა პრეფექტმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლუჩანა ლამორდჟეზემ დაიკავა.
იტალიის კოალიციური მთავრობა მას შემდეგ დაიშალა, რაც 8 აგვისტოს მემარჯვენე პარტიის „ლიგის“ ლიდერმა, იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი კოალიციაში მრავალ საკითხზე არსებული შიდა უთანხმოება იყო. 20 აგვისტოს ჯუზეპე კონტემ სალვინი უპასუხისმგებლო მოქმედებაში დაადანაშაულა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.