იტალიიდან, კერძოდ რომიდან, საქართველოში ორი თვითმფრინავით საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა.
გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არცერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში კვლავ გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14-დღიან კარანტინში გადავა.
„ტრანსპორტირებისას ჩვენ სრულიად გავითვალისწინეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მათი გადმოყვანა ქვეყანაში. რეისს ახლავს სამედიცინო პერსონალი, რომ თავიდანვე, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჩატარებოდათ სამედიცინო შემოწმება. მგზავრები ორ ბორტზე არიან განაწილებული, ეს განაწილებაც მოხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, კარგი. სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება, თუმცა ჩამოსვლისას ისევ საჭიროა სკრინინგი – იქნება თერმული შემოწმება, ასევე ეპიდემიოლოგიური შეფასება და ყველა მათგანი გაივლის ორკვირიან კარანტინს, როგორც ეს უკვე განსაზღვრულია სავალდებულოდ მთავრობის განკარგულებით.
ქვეყანაში არის 10 საკარანტინო სივრცე, სადაც ისინი გადანაწილდებიან. მათი გადაყვანა მოხდება სატრანსპორტო საშუალებებით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები. თუ რომელიღაც მგზავრს აღმოაჩნდება სიმპტომები, მათ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. კარანტინის შესახებ ყველა მათგანი გაფრთხილებულია. კარანტინს აქვს სავალდებულო ხასიათი. წინა რეისების გამოცდილებიდან ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ კარანტინზე და გვიწევს მათი დარწმუნება და მუშაობა. სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მეც ვიმუშავებთ, განვმარტავთ კიდევ ერთხელ, რამდენად მნიშვნელოვანია კარანტინი, როგორც მათი, ასევე მათსავე ოჯახის წევრების და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, ყველა მოგზაური ამას გაგებით მოეკიდება და მაქსიმალურ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
იტალიის რესპუბლიკასთან ფრენების დროებით შეჩერების შედეგად, იტალიაში დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეების ჩამოყვანა, რომლებსაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.