იტალიიდან გამომგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა მისამართზე
[email protected] უნდა გაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთის ან ბილეთის ჯავშნის ასლები
საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა, სამშობლოში ჩამოსვლას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყება განმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იტალიის რესპუბლიკასთან დროებით შეწყვიტოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა დროებითია და მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.
„საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
ამისთვის საჭიროა, საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე – [email protected] გამოაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების ან ბილეთების ჯავშნის ასლები“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.