იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები თვითმფრინავში სპეციალური წესების დაცვით, ერთმანეთისგან დისტანცირებულად ისხდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს წინასწარ განემარტათ, რა პროცედურას გაივლიდნენ თბილისში ჩამოსვლისას.
„156 ადამიანი ჩამოვიდა, რომელთაც ჰქონდათ ბილეთი ან ჯავშანი, რომელიც უნდა გაეგზავნათ საპასპორტო მონაცემებთან ერთად სპეციალურად შექმნილ მეილზე საკონსულოში. მათ შეაგროვეს ეს ინფორმაცია, გადმოგზავნეს დედაქალაქში, ჩვენ ეს ინფორმაცია გავიარეთ შესაბამის უწყებებთან ერთად, ყველასთან მოხდა კომუნიკაცია ტელეფონით და ყველას განემარტა, რა პროცედურას გაივლიდნენ თბილისში ჩამოსვლისას. მათ აცნობეს, რომ შეეხებოდათ შემოწმება და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ყველამ იცოდა, არც ერთს ჰქონია პრეტენზია და ყველა იყო თანახმა, რომ ამ პირობებით წამოსულიყო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, მგზავრები შესაბამისი წესების დაცვით განთავსდნენ თვითმფრინავებში.
„ისინი არ ისხდნენ ერთმანეთის გვერდზე, შესაბამისი დისტანციის დაცვით ისხდნენ და მოფრინავდნენ საქართველოს მიმართულებით. არც ერთი ადამიანი, რომელმაც გამოხატა წამოსვლის სურვილი და გამოგზავნა საბუთები ჩვენთან, არ დარჩენილა. თუმცა მოხდა ისეთი ფაქტი, რომ ჩვენ ველოდით უფრო მეტ ადამიანს, გარკვეული რაოდენობა არ გამოცხადდა რეისზე, 10 ადამიანი. ამ ადამიანებს არც დაურეკავთ საკონსულოში, რომ ეთქვათ, რატომ არ მოდიან. ვინც გამოცხადდა, ყველა წამოვიყვანეთ.
თუ ვინმეს აქვს სურვილი გამომგზავრების, ჯერ კიდევ არის შემოვლითი, არაპირდაპირი რეისები. შეუძლიათ, ნებისმიერ დროს იყიდონ ბილეთი და გამოემგზავრონ საქართველოში, თუმცა კიდევ ერთხელ გვექნება თხოვნა, როდესაც ჩამოვლენ, ნუ დამალავენ ინფორმაციას, სად იყვნენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
სახელმწიფოს დახმარებით, იტალიიდან, კერძოდ რომიდან, საქართველოში ორი თვითმფრინავით საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა. გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში კვლავ გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14-დღიან კარანტინში გადავა.