იტალიაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა
იტალიაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა

იტალიაში სამთვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გახდა. მან მინისტრთა ახალი კაბინეტი ქვეყნის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან შეთანხმებით უკვე წარადგინა.

იტალიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ენცო მოავერო-მილანეზი გახდება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კი პარტია „ლიგის“ ფედერალური მდივანი მატეო სალვინი დაიკავეს. ქვეყანაში ფიქრობენ, რომ სალვინი განსაკუთრებულ ყურადღებას არალეგალურ მიგრაციას მიაქცევს.

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ლუიჯი დი მაიო კი ეკონომიკური განვითარების და შრომის სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის პოსტს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკოსები ჩიხში შეიყვანა, ამ თანამდებობას რომის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი, ჯოვანი ტრია დაიკავებს.

ჯუზეპე კონტეს ახალი მთავრობა რომის დროით 17:00 საათზე დამტკიცდება.

გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლო კოტარელიმ ტექნოკრატების კაბინეტის შექმნაზე უარი განაცხადა. ამ ხერხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჯუზეპე კონტეს კოალიციური მთავრობის ფორმირების მორიგი მცდელობისთვის გზა გაუხსნა.

ჯუზეპე კონტე პრემიერ-მინისტრის პოსტზე რვა დღის წინ დანიშნეს. თუმცა, მთავრობის ფორმირების მცდელობა კრახით დასრულდა. მიზეზი ფინანსთა მინისტრის პოსტი გახდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ აღნიშნულ თანამდებობაზე ევროსკეპტიკოსი პაოლო სავონის კანდიდატურა არ დააკმაყოფილა.