იტალიაში კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა“ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
78 წლის მამაკაცი პადუიას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 შემთხვევა – ლომბარდიის რეგიონში, ორი კი მოსაზღვრე ვენეტოში გამოვლინდა. გარდაცვლილი ვენეტოში ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი იყო.
დაავადებულთა შორის ხუთი მედიკოსია, ერთი კი ფეხმძიმე ქალია.
იმ ქალაქებში, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, მთავრობამ ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება გააუქმა, სკოლები და ბიზნეს-დაწესებულებები კი დახურა.
ამჟამად, ექიმები იკვლევენ ასობით პირს, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.
ბრიუსელიდან, ევროკავშირის სამიტიდან დაბრუნებულმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ახალდაავადებულთა შორის არც ერთი არ ყოფილა ჩინეთში, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, თუმცა ერთ-ერთი ინფიცირებული, 38 წლის მამაკაცი ქალაქ ლოდიდან სიმპტომების გამოვლენამდე შეხვდა მეგობარს, რომელიც ჩინეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. აღსანიშნავია, რომ თავად ჩინეთიდან დაბრუნებულ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა.