იტალიაში, გენუას საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის მიზეზების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.
თვითმხილველთა ნაწილი, მეხის დაცემის შესახებ საუბრობს. ასევე სახელდება კონსტრუქციის დაწევის შესაძლებლობა. საავტომობილო გზებზე პასუხისმგებელ კომპანიაში Autostrade per “l`Italia” აცხადებენ, რომ ხიდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. 1960 წელს აგებულ ხიდს რეკონსტრუქცია 2016 წელს ჩაუტარდა.
ადგილობრივების განცხადებით, ხიდზე სარემონტო სამუშაოები ხშირად მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობაც სახელდება.
ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 22 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 7 ხიდის იმ ფრაგმენტზე მოძრავ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის დროს ჩამოინგრა.
ბეტონის მასა ხიდის ქვეშ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებსა და რკინიგზის ლიანდაგებს დაეცა. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.