იტალიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა
იტალიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა

იტალიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა. ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარე შრება, ხუთ რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, იტალიის ყველაზე დიდი მდინარე პო განაგრძობს დაშრობას, რომელიც ექსპერტების შეფასებით, გაზაფხულზე და ზაფხულზე ნალექის მცირე რაოდენობით, მაღალი ტემპერატურით და ზამთარში თოვლის ნაკლებობით არის გამოწვეული.

ივლისის დასაწყისში, მდინარის დაშრობის გამო, იტალიის ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ათ მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დაწესდა წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით.

მდინარის დაშრობამ რიგ რეგიონებში მოსავლის განადგურება გამოიწვია. ადგილობრივი ფერმერების ინფორმაციით, დაშრობის გამო მდინარის რამდენიმე მონაკვეთზე ზღვის მარილიანი წყალი შევიდა, რაც საზიანოა მოსავლისთვის.

მდინარე პო ალპებიდან ადრიატიკის ზღვამდე, 650 კილომეტრის მანძილზე მიედინება. ის სასოფლო-სამეურნეო ათასობით ჰექტარი მიწის მოსარწყავად გამოიყენება. მასზე იტალიის სოფლის მეურნეობის სექტორის თითქმის მესამედია დამოკიდებული.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე მდგომარეობა სამომავლოდ უჩვეულო აღარ იქნება და იტალიის მოსახლეობა მოუწევს ამასთან შეგუება.