იტალიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
ვირუსის 39 შემთხვევა ლომბარდიის რეგიონშია დაფიქსირებული. აქ ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 11 ადამიანი კი, ვენეტოს რეგიონში დაავადდა.
კიდევ ერთი პაციენტი უმბრიას რეგიონშია იზოლირებული, რომელსაც რესპირატორული დაავადების სიმპტომები აღენიშნება, თუმცა ამ დროისთვის მისი ახალი კორონავირუსით ინფიცირება დადასტურებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, იტალიის ხელისუფლება ინფიცირების მხოლოდ ექვსი შემთხვევის შესახებ ფლობდა ინფორმაციას.
იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე მათგანი 70 წელს გადაცილებული იყო. ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფება კიდევ 250 ადამიანი, რომელთაც ინფიცირებულ პირებთან ჰქონდათ კავშირი. ქალაქ კრემონში კი, დროებით დაიხურა სკოლები და აიკრძალა დემონსტრაციები. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლების დატოვებისგან. სასწავლო პროცესის შეწყვეტას გეგმავენ ვენეტოშიც.