იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 366-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. გამოცემის ცნობით, ინფიცირებულია 7375 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 1500-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რაც შეეხება საფრანგეთს, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდეა გაზრდილი. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დადასტურებულია 1126 შემთხვევა.
იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში 16 მილიონამდე ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება. ლომბარდიის რეგიონში შესვლა და რეგიონიდან გასვლა გადაუდებელი საჭიროების გარდა შეუძლებელი იქნება. შეზღუდვები ასევე შეეხება ვენეციას, პარმას და მოდენას.
საკარანტინო პირობების თანახმად, შეჩერდა საქორწილო, რელიგიური და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ფუნქციონირება შეწყვიტეს კინოთეატრებმა, ღამის კლუბებმა საცურაო აუზებმა, სავარჯიშო დარბაზებმა, მუზეუმებმა. დაიკეტა სამთო კურორტებიც.
რაც შეეხება რესტორნებსა და კაფეებს, ისინი დილის ექვსი საათიდან, საღამოს ექვს საათამდე იმუშავებენ, თუმცა სტუმრები ერთმანეთისგან სულ მცირე ერთ მეტრში უნდა დასხდნენ.
იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან გასვლისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ.