იტალიაში 6 დეკემბრიდან რესტორნებსა და კინოთეატრებში შესვლა, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ აცრილ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს შეეძლებათ
იტალიის ხელისუფლება არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 6 დეკემბრიდან არანაკლებ 15 იანვრის ჩათვლით, რესტორნებში, კინოთეატრებში შესვლა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ აცრილ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს შეეძლებათ. შეზღუდვა შეეხება კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგების მქონე ადამიანებსაც.
იტალიის მთავრობამ ე.წ. გაძლიერებული მწვანე პასპორტი დაამტკიცა, რომელიც გარკვეული ტიპის შიდა აქტივობებისთვის კორონავირუსზე ტესტირების შესაძლებლობას გამორიცხავს.
გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით, იტალიაში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებისთვის, არამედ სამართალდამცველების, სამხედროებისა და მასწავლებლებისთვის.