იტალიამ საბოლოო თანხმობა განაცხადა პროექტზე, რომლითაც გაზს საქართველოს გავლით მიიღებს
ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) პროექტის განხორციელებაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა საბოლოო თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი და სხვა საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.
ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ პროექტის შეფერხება დაკავშირებული იქნება მრავალმილიარდიან ხარჯებთან.
„პროექტში ჩარევა უკვე შეუძლებელია. ის დაიგეგმა წინა მთავრობების მიერ და მასში ჩადებულია შესაბამისი საკონტრაქტო ვალდებულებები“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები იტალიის მმართველ კოალიციაში „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ გაჩნდა. პროექტის საწინააღმდეგო პოზიცია პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის ჰქონდათ დაფიქსირებული.
ტრანსადრიატიკული მილსადენის მეშვეობით იტალიაში გაზი აზერბაიჯანიდან მოხვდება. მანამდე კი ბუნებრივი აირი საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთის ტერიტორიას და ადრიატიკის ზღვას გადაკვეთს. გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება იტალიაში 2020 წელს უნდა დაიწყოს.