იტალიამ ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა კიდევ ორ გემს, რომლის ბორტზე მიგრანტები იმყოფებიან
იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა კიდევ ორ გემს, რომლის ბორტზე მიგრანტები იმყოფებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მიგრანტებით სავსე გემების პორტებში მიღებას არ დაუშვებს.
„მაშინ, როდესაც Aquarius-ი მიემართება ესპანეთში, ორი სხვა ხომალდი, რომელიც ნიდერლანდების არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნის, გაემგზავრნენ ლიბიის სანაპიროდან ადამიანური ტვირთის მოლოდინში, მას შემდეგ რაც მასზე უარს იტყვიან ადამიანით მოვაჭრეები. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ იტალიას აღარ სურს, იყოს ამ იატაკქვეშა მიგრაციის ბიზნესის რგოლი და მათ სხვა პორტების ძებნა მოუწევთ“, – განაცხადა სალვინიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გემის Lifeline-ის ეკიპაჟმა ხმელთაშუა ზღვაში 118 მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის არის ახალშობილი.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში იტალიამ და მალტამ უარი თქვეს ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის კუთვნილი გემის, Aquarius-ის მიღებაზე, რომლის ბორტზე 629 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალები.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში გემი მალტასა და სიცილიას შორის იმყოფებოდა და პორტის გახსნას ელოდებოდა.
საბოლოოდ, გემზე მყოფი მიგრანტების მიღების მზადყოფნა ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა გამოთქვა, რომელმაც ვალენსიის პორტში ხომალდი მიღების განკარგულება გასცა.