იტალიამ ჰუმანიტარული გემის საკუთარ პორტში შეშვებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ განაცხადა.
დასავლური მედიის ცნობით, იტალიის დროშის ქვეშ მცურავი ჰუმანიტარული გემის ეკიპაჟის წევრებმა რამდენიმე დღის წინ ხმელთაშუა ზღვაში 40 მიგრანტი გადაარჩინეს.
როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, იტალიის ხელისუფლება მიგრანტებს საკვებს, ტანსაცმელს და სამედიცინო მედიკამენტებს გადასცემს, თუმცა ისინი იტალიის მიწაზე ფეხს ვერ დადგამენ.
მიგრანტები ჰუმანიტარულ გემზე უკვე ორი დღეა იმყოფებიან. ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლების ცნობით, მიგრანტებს დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროებათ.
იტალიის ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმე ჰუმანიტარული გემი დაბლოკა. ოფიციალური რომი მოითხოვს, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები ევროპულ სახელმწიფოებში თანაბრად გადანაწილდნენ.