იტალია ტურისტებისთვის გაიხსნა. „ბიბისის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ევროპაში საკარანტინო ზომებისა და შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს, იტალია ევროპის უმეტესი ქვეყნის ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის.
შეზღუდვები მოიხსნა ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც და მოსახლეობას რეგიონებს შორის გადაადგილება თავისუფლად შეუძლია.
„ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს რისკი და ვიცით, რომ შესაძლოა, ინფექციის მრუდი კვლავ გაიზარდოს. ეს უნდა მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასდროს დავიწყებთ თავიდან“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გეგმის წარდგენისას.
იტალიის ეკონომიკისთვის ტურიზმი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ვირუსული კრიზისის დროს ის სრულად შეჩერდა.
უკვე გაიხსნა რამდენიმე ღირშესანიშნაობა, როგორიცაა, რომის კოლისეუმი.
ევროპის მასშტაბით იტალია ახალი კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ინფიცირების 230 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 33 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.