იტალიის მთავრობამ იმიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად იტალიაში ლტოლვილების მიღების წესები გამკაცრდება, დეპორტაციის პროცედურა გამარტივდება, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს კი, მოქალაქეობას ჩამოართმევენ.
მთავრობის წევრებმა ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„ერთი ნაბიჯი წინ, რათა იტალია უფრო უსაფრთხო გავხადოთ, ვებრძოლოთ მაფიას და კონტრაბანდისტებს, შევამციროთ მზარდი იმიგრაციის ხარჯები, დავაჩქაროთ კრიმინალებისა და თვითმარქვია ლტოლვილების გაძევება, ჩამოვართვათ მოქალაქეობა ტერორისტებს და გავზარდოთ სამართალდამცველების უფლებამოსილება“, – წერს მატეო სალვინი.
იმიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატორი თავად შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც თავისი ანტიიმიგრაციული შეხედულებებით არის ცნობილი.