იტალია 180 ლიბიელი მიგრანტის გაძევებით იმუქრება
იტალია 180 ლიბიელი მიგრანტის გაძევებით იმუქრება

იტალია ქვეყნიდან 180 ლიბიელი მიგრანტის გაძევებით იმუქრება. ამის შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მატეო სალვინის თქმით, თუ ევროკავშირი მიგრაციული საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ოფიციალური რომი იტალიაში მყოფ 180 ლიბიელ მიგრანტს სამშობლოში დააბრუნებს.

ლიბიელი მიგრანტები რამდენიმე დღის წინ, ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინეს. მას შემდეგ ოფიციალურმა რომმა მიგრანტების გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. იტალიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, მიგრანტები ზღვის იმ ნაწილში გადაარჩინეს, რომელიც მალტას პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება. მალტას ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კუნძულოვან სახელმწიფოში განაცხადეს, რომ გემი საფრთხის წინაშე არ იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, მალტამ მიგრანტების დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა და გემი იტალიის მიმართულებით გაგზავნა.

აღნიშნულმა ქმედებამ ოფიციალური რომის აღშფოთება გამოიწვია. იტალია მალტას წინააღმდეგ სანქციების დაწესებითაც დაიმუქრა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იტალიასა და მალტას შორის მიგრანტთა გემების მიღებასთან დაკავშირებით უთანხმოება უკვე რმდენჯერმე მოხდა.