ისრაელში ქრისტეს სრულიად განსხვავებული, უნიკალური გამოსახულება აღმოაჩინეს
სისხლისფერი პიგმენტი მზისგან არის გახუნებული, მისი ამოჭმული ხაზები ალებასტრით შებათქაშებულ კედელზე ძლივს ჩანს. მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად, დაინახავთ სახეს, რომელიც დიდი ხნის წინ, სამხრეთ ისრაელში მოხატეს. ასახავს ნათლობის სცენას.
იესო ქრისტეს ისტორიულ გამოსახულებათა უმეტესობა ძირითადად ერთმანეთის მსგავსია და გვთავაზობს ქრისტეს ფიგურის ტრადიციულ სურათს. თუმცა, ეს ნახატი სრულიად სხვანაირია და წარმოსახავს იესოს აბსოლუტურად განსხვავებულ სახეს.
არქეოლოგებმა ნახატი 1920-იან წლებში აღმოაჩინეს, როცა მის შესახებ ჩანაწერს ერთ ძველ ჟურნალში მიაგნეს, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობის გამო, მისთვის დიდი ყურადღება აღარავის მიუქცევია.
გამოსახულება იმდენად დაზიანებულია, რომ მისი შემჩნევა ხელოვნების თანამედროვე ისტორიკოსებსაც კი გაუჭირდებოდათ.
„მე იქ მოვხვდი შესაფერის დროს, შესაფერის ადგილას, სინათლის შესაფერისი კუთხის ქვეშ და უცბად, მე დავინახე თვალები. ეს გახლდათ ჩვენკენ მომზირალი იესოს სახე მისი ნათლობის დროს“, — ამბობს ჰაიფას უნივერსიტეტის მკვლევარი ემა მაიან-ფანარი.
მკვლევრები შეეცადნენ აღედგინათ, როგორ გამოიყურებოდა ეს სახე თავის დროზე. შედეგად მათ მიიღეს ახალგაზრდა, სუფთად გაპარსული მამაკაცი გრძელი ცხვირითა და უხეში სახით.
ფიგურის გარშემო არსებულ პიგმენტთა კვალი მიუთითებს სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ ფიგურებზეც. გამომდინარე იქიდან, რომ ფიგურა ეკლესიის სანათლავი აფსიდის ზედა ნაწილზეა მოთავსებული, ჩნდება ვარაუდი, რომ გამოსახულება ახალგაზრდა ქრისტეს ეკუთვნის, ნათლობის დროს.
ამავე კედელზე, ახლომახლოს, იმავე ჯგუფმა შარშან აღმოაჩინა შედარებით ასაკოვანი ქრისტეს გამოსახულება, რომელიც მის ფერისცვალებას ასახავს. სამწუხაროდ, ამ გამოსახულების თავი დროს ვერ გადაურჩა და დაგვრჩა მხოლოდ სხვა დეტალები.
ორივე გამოსახულება აღმოჩენილია სამხრეთ ისრაელში, უძველეს ქალაქ შვიტას ეკლესიის კედლებზე.
ეს დასახლება დაახლოებით 1800 წლის წინ დაარსდა და მალევე იქცა მოზრდილ აგრარულ სოფლად და პოპულარულ პილიგრიმულ ადგილად.
არქეოლოგები გათხრებს იქ საუკუნეზე მეტია აწარმოებენ, მაგრამ დანამდვილებით ვერავინ ასახელებდა ეკლესიის აშენების ზუსტ დროს.
ნახატის ქრისტესი სიკვდილიდან მაქსიმუმ ორი საუკუნის შემდეგ არის შესრულებული და შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მის ნამდვილ სახეს ასახავდეს.
განვითარების პიკს ქალაქმა V-VII საუკუნეებში მიაღწია, მაგრამ შემდეგ ის არაბებმა დაიპყრეს და მოსახლეობაც შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება შესაძლოა სულაც არ ასახავს ახალგაზრდა ქრისტეს ზუსტ სახეს, ისტორიკოსები აღფრთოვანებას მაინც ვერ მალავენ. ნამუშევარი იმდენად ძველია, რომ წარმოადგენს ნათლობის სცენის უძველეს იკონოგრაფიულ ნიმუშს წმინდა მიწაზე ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
ქრისტეს ადრეული გამოსახულებები უხვად გვხვდება ძველ ეკლესიებში ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, განსაკუთრებით ლევანტის რეგიონის დასავლეთ ნაწილში. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში ქრისტეს ამსახველი ნამუშევრები არც ისე ბევრია.
განსხვავებული სახისა და ვარცხნილობის გარდა, შეიმჩნევა რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც კარგად ჯდება ნათლობის სცენაში. მაგალითად, ნახატების უმეტესობაზე, ქრისტეზე დიდად არის წარმოჩენილი იოანე ნათლისმცემლის გამოსახულება.
არქეოლოგები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მოახდენენ სხვა გამოსახულებათა იდენტიფიცირებასაც.
ქრისტეს რეალური იერსახის შესახებ დებატები საუკუნეების წინ დაიწყო. მაგალითად, მეექვსე საუკუნის ტექსტებში აღწერილია ცხარე კამათი იესოს რეალურ ვარცხნილობასთან დაკავშირებით.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია haaretz.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.