ისრაელში მსოფლიოში უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს
ისრაელში მსოფლიოში უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ისრაელში სავარაუდოდ, მსოფლიოში უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს. ალკოჰოლურ სასმელებს იქ შესაძლოა, 13 700 წლის წინ ამზადებდნენ.

ახალი აღმოჩენა აქამდე ცნობილ უძველეს ლუდსახარშზე რამდენიმე ათასი წლით ძველია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები შესაძლოა, ალკოჰოლს იმაზე გაცილებით ადრე ამზადებდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

მკვლევართა აზრით, შეიძლება ეს იმის მტკიცებულებაც იყოს, რომ ადამიანებმა ზოგიერთი მარცვლეულის კულტივირება სწორედ ლუდში მისი საჭიროების გამო მოახდინეს.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის, ლი ლიუს განცხადებით, აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ალკოჰოლის წარმოება შეიძლება, სულაც არ ყოფილიყო ჭარბი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შედეგი და მისი მიზანი უფრო რიტუალური საჭიროება ყოფილიყო, ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის გამოჩენამდე.

არქეოლოგთა ცნობით, 13 000 წლის წინ ეს სასმელი უფრო ფაფის მსგავსი უნდა ყოფილიყო, თანამედროვე ლუდზე უფრო სუსტი.

აღმოჩენა ქალაქ ჰაიფის სიახლოვეს გაკეთდა. მღვიმეში, რომელსაც უძველესი ნატუფიელი ხალხი აკლდამად იყენებდა, ქვიშის ნარჩენებში მეცნიერებმა სახამებლისა და მცენარის ნაშთები იპოვეს. ორივე მათგანი დაკავშირებულია ხორბლისა და ქერისგან ლუდის წარმოებასთან.

მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა, რათა გაერკვიათ, როგორ ამზადებდა ნატუფიელი ხალხი ლუდს. ხორბალი და ქერი მათ ალაოდ გარდაქმნეს, შემდეგ ეს ალაო მოხარშეს, შემდეგ კი ველური საფუარით გააფუეს.

ამ პროცესის ფარგლებში, სახამებლის მარცვლების სათუთმა ანალიზებმა უჩვენა, რომ ამ ადგილას ნატუფიელები ლუდს მართლაც ხარშავდნენ და სვამდნენ, სავარაუდოდ, დაკრძალვის აღსანიშნად.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრის, ჯიაჯინგ ვანგის თქმით, ლუდის წარმოება რიტუალებისა და ზეიმების შემადგენელი ნაწილი იყო, იერარქიული საზოგადოების სოციალური რეგულირების მექანიზმი.

მღვიმეში მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ქვის სანაყები, რომლებითაც ხორბალს ამტვრევდნენ და სრესდნენ, რაც უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ამ ადგილას ლუდს აწარმოებდნენ.

„თუ ჩვენი მოსაზრება მართებულია, ჩვენ წინაშეა ნებისმირი სახის ალკოჰოლის წარმოების უძველესი მტკიცებულება მელ მსოფლიოში“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ჰაიფის უნივერსიტეტის არქეოლოგი დანი ნადელი.

კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამიქვეყნდა.

მომზადებულია news.stanford.edu-ს მიხედვით.