ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა
ისრაელის მოსახლეობის თითქმის ნახევრის ვაქცინაციის შემდეგ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელში ბიზნეს დაწესებულებების ნაწილი გაიხსნა, მათ შორის სავაჭრო ცენტრები და და გასართობი ობიექტები. როგორც ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, ჩვეულ რეჟიმზე გადასვლის დაწყება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის თითქმის ნახევრის აცრის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მაღაზიები ყველასთვის გაიხსნა. თუმცა სპორტ დარბაზები, თეატრები და სასტუმროები მხოლოდ „მწვანე საშვის“ მფლობელებისთვის გახდა ხელმისაწვდომი: მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ იმუნიტეტი განუვითარდათ. საშვის მფლობელებს თავიანთი სტატუსის დამტკიცება ვაქცინაციის სპეციალური სერტიფიკატის წარდგენით შეუძლიათ.
ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და ნიღბის ტარების შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელში „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 46 პროცენტზე მეტმა უკვე მიიღო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში ვირუსის 740 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსმა 5 500 ზე მეტი ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.