ისრაელში ულტრაორთოდოქსმა სტუდენტებმა, რომლებიც ჯარში გაწვევას აპროტესტებდნენ, გზატკეცილები გადაკეტეს, პოლიციამ 32 პირი დააკავა
ისრაელში ულტრაორთოდოქსმა სტუდენტებმა, რომლებიც ჯარში გაწვევას აპროტესტებდნენ, გზატკეცილები გადაკეტეს, პოლიციამ 32 პირი დააკავა

ისრაელში ულტრაორთოდოქსმა სტუდენტებმა გააპროტესტეს ისრაელის უზენაესი სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მათ სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.

აქციის მონაწილეებმა თელ-ავივის მახლობად გზატკეცილები გადაკეტეს. პოლიციის ინფორმაციით, აქციაზე 32 პირი დააკავეს. მათივე ცნობით, გზატკეცილები უკვე თავისუფალია.

ისრაელში მოქმედი კანონის თანახმად, სამწლიანი სამხედრო სამსახური სავალდებულოა მამაკაცების უმეტესობისთვის; ასევე, ორწლიან სამხედრო სამსახურს გადიან ქალები. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული იყვნენ ულტრაორთოდოქსები. კანონის მოქმედების ვადა, რომელიც მათ სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდა, გასულ წელს ამოიწურა, თუმცა, მთავრობის ნებართვით, მისი მოქმედება გახანგრძლივდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ, გამონაკლისისთვის ახალი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ულტრაორთოდოქსი მამაკაცების ჯარში გაწვევა უნდა დაიწყოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველ კოალიციაში ორი ულტრაორთოდოქსური პარტია შედის. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ისრაელის მთავრობისთვის გამოწვევა აღმოჩნდეს.