ისრაელში აცხადებენ, რომ დასავლეთ სანაპიროზე ოპერაციის მესამე დღეს „ჰამასის“ ლიდერისა და სხვა მებრძოლების ლიკვიდაცია მოხდა
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ჯენინში ვისამ ხაზემი და კიდევ ორი მებრძოლი.
„ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელეს დანარჩენ ორ მებრძოლზე, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამი მამაკაცი მოკლულია ქალაქ ზაბაბდეს მახლობლად, ჯენინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაჯგუფება „ჰამასმა“ ასევე დაადასტურა მათი გარდაცვალება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე, 20 პალესტინელი დაიღუპა. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ მოკლულთა უმრავლესობა მათი მებრძოლი იყო.