ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასმა“ ისრაელის მოქალაქეები მძევლად აიყვანა
ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ღაზის სექტორში ისრაელის მოქალაქეები მძევლად აიყვანა.
ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი სპიკერის თქმით, სამხრეთ ისრაელში ბრძოლა 22 ლოკაციაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„ოთხი დივიზია განლაგებულია ღაზის საზღვართან და უერთდება 31 ბატალიონს, რომლებიც უკვე იქ არიან“, – აღნიშნა ჰაგარიმ.
როგორც ჰაგარიმ აღნიშნა, ბრძოლაში დაიღუპნენ ისრაელის ჯარისკაცები, თუმცა მძევლებისა და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.