ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია ღაზის საავადმყოფოში წარუმატებლად გაშვებული და ჩავარდნილი რაკეტის გამო
ჩვენს ხელთ არსებული დაზვერვის მონაცემები, რომელიც რამდენიმე წყაროდან გვაქვს, მიუთითებს, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია ღაზაში მდებარე საავადმყოფოში წარუმატებლად გაშვებული და ჩავარდნილი რაკეტის გამო, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ისლამური ჯიჰადის“ პასუხისმგებლობაა, რომელმაც დახოცა უდანაშაულო ადამიანები ღაზის საავადმყოფოში.
„18:15 საათზე „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. შემდეგ, 18:59 საათზე „ისლამურმა ჯიჰადმა“ ათამდე რაკეტა გაისროლა ახლომდებარე სასაფლაოდან. ეს იყო 18:59 საათზე, როდესაც გავრცელდა ცნობები ქალაქ ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქების შესახებ.
ჩვენი დაზვერვის თანახმად, „ჰამასმა“ გადაამოწმა ინფორმაცია და მიხვდა, რომ ეს იყო „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტა, რომელიც არასწორად გაისროლეს და გადაწყვიტა, დაეწყო გლობალური მედიაკამპანია იმის დასამალად, რა მოხდა სინამდვილეში. გაბერეს დაშავებულთა რაოდენობა. მათ აბსოლუტური დარწმუნებით ესმოდათ, რომ „ისლამური ჯიჰადის“ მიერ არასწორად გასროლილმა რაკეტამ დააზიანა საავადმყოფო. ჩვენი საჰაერო კადრების ანალიზი ადასტურებს, რომ უშუალო დარტყმა თავად საავადმყოფოზე არ ყოფილა. ერთადერთი დაზიანებული ზონა იყო საავადმყოფოს გარეთ, პარკინგის ზონა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ხანძრის კვალი. არავითარი კრატერი, არავითარი სტრუქტურული ზიანი მეზობელ შენობებზე. არცერთი ჰაერიდან ნასროლი საბრძოლო მასალა არ ტოვებს ასეთ უცნაურ ზიანს“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.