ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თანამდებობა დატოვა
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა, სიგალ სადეცკიმ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეპიდემიოლოგმა სიგალ სადეცკიმ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის რეაგირება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოხსნა.
„პირველ ტალღასთან ბრძოლისას მიღწეული შედეგები ეკონომიკის ფართო და სწრაფი გახსნის გამო გაუქმდა“, – ნათქვამია ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის წერილობით განცხადებაში.
ისრაელმა საყოველთაო კარანტინი 20 აპრილს გამოაცხადა, მომდევნო თვეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 20-მდე შემცირდა. ამის ფონზე მთავრობამ სკოლები და ბიზნესდაწესებილებები გახსნა, რის შემდეგაც ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ისრაელის ხელისუფლებამ კვლავ მიიღო შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს კიდევ ერთი სრული კარანტინი.