ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობის შემდეგ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს
ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობის შემდეგ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოძრაობა „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობის შემდეგ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან, სულ მცირე, 100 რაკეტა გაუშვეს. ეს რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებიდან „ჰეზბოლას“ მხრიდან განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიშია.

საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა ქალაქებში: საფედში, როშ პინასა და ტიბერიასში, ასევე გალილეის რამდენიმე დასახლებაში. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ანადგურებს „რკინის გუმბათი“ რაკეტებს. დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გასულ ღამეს ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური თალებ აბდულა. ის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას დაღუპული „ჰეზბოლას“ ყველაზე მაღალი რანგის პირია. ისრაელის იერიშის ასევე ემსხვერპლა მოძრაობის კიდევ სამი მებრძოლი.