ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი არის მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში, იქ ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ჩვენ გამოვხატავთ უკრაინის მხარდაჭერის მორალურ პოზიციას, ამავე დროს ვიცავთ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი არის მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში, იქ ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ჩვენ გამოვხატავთ უკრაინის მხარდაჭერის მორალურ პოზიციას, ამავე დროს ვიცავთ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს

მინდა, გავაკეთო ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებიათ, – ამის შესახებ The Jerusalem Post-თან საუბარში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა.

როგორც მედიასაშუალება წერს, ერთ-ერთი ასეთი გარღვევა კოენისთვის უკრაინაში იყო. ის იყო ისრაელის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც კიევში ჩავიდა ქვეყანაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა და ზელენსკიმ დაწერა, რომ ის იყო ძალიან კმაყოფილი უკრაინასა და ისრაელს შორის კავშირებით“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა მისი ვიზიტი კიევში ახალ მიდგომას, კოენმა განაცხადა: „ჩვენი და წინა მთავრობები მხარს უჭერდნენ უკრაინას საერთაშორისო ინსტიტუტებში, თუმცა, ვფიქრობ, ეს ვიზიტი ზრდის უკრაინასთან ჩვენს იდენტიფიცრებას და სოლიდარობას“.

უკრაინელმა დიპლომატმა მწვავედ გააკრიტიკა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა მოსკოვში რუს კოლეგებთან ბოლო შეხვედრები, სადაც ისინი ირანის საფრთხესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ჩავიდნენ.

უკრაინულმა მხარემ მიუთითა რუსეთის მიერ ირანული შეიარაღების გამოყენებაზე და განაცხადა, რომ „ისრაელმა უნდა გადაწყვიტოს, არის ის დასავლური მსოფლიოს ნაწილი და დგას უკრაინის გვერდით, თუ მას მსოფლიოს ბნელი ძალები მოიცავენ. ნეიტრალიტეტი ვარიანტი არ არის“.

როგორც ამასთან დაკავშირებით ელი კოენმა აღნიშნა, „რუსეთი არის მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში და რუსეთში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, შესაბამისად, ჩვენ გამოვხატავთ უკრაინის მხარდაჭერის მორალურ პოზიციას და ამავე დროს ვიცავთ ჩვენი უსაფრთხოებისა და რუსეთში ებრაული სათვისტომოს ინტერესებს“.

„ისრაელი დასავლურ სახელმწიფოებთანაა. ჩვენ ერთადერთი სახელმწიფო ვართ ახლო აღმოსავლეთში, რომელმაც კიევში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნა. ეს რაღაცას ნიშნავს. ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ზელენსკის პოზიციას და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისრაელისა და უკრაინის სამხედროები ამჟამად ერთად მუშაობენ უკრაინაში განგაშის ანტისარაკეტო სისტემის მოწყობაზე“, – განაცხადა კოენმა.