ისრაელის პრეზიდენტი - ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური ჩამოშლის ზღვარზეა
ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური ჩამოშლის ზღვარზეა, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის სადავო სასამართლო რეფორმის გამო, არეულობის თავიდან ასაცილებლად, ისრაელის პრეზიდენტმა კომპრომისული გეგმა გამოაქვეყნა.
ისააკ ჰერცოგმა კოალიციის დეპუტატებს მოუწოდა, გადადონ პირველი საკანონმდებლო ნაბიჯები პარლამენტში, რომლის დაწყებასაც ზოგიერთი ამ კვირაში აპირებს. ისრაელის მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ, რომელიც ნეთანიაჰუს სასამართლო სისტემაზე მეტი კონტროლის მოპოვებაში ადანაშაულებს, მოაწყო დემონსტრაციები და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გაფიცვების ინიციატივით გამოვიდა, როდესაც ისრაელის პარლამენტი შეიკრიბება.
„ჩვენ დიდი ხანია, გავედით პოლიტიკური დავიდან. პირიქით, ჩვენ ვართ კონსტიტუციური და სოციალური ჩამოშლის ზღვარზე. ვგრძნობ, ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ, რომ სულ რაღაც ერთი ნაბიჯით ვართ დაშორებული შეჯახებამდე – და თუნდაც ძალადობრივ შეჯახებამდე. რეფორმა ასევე არის დიდი ხნის ნანატრი ცვლილების, ზრდის, რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების საერთო პაკეტი, მიმდინარე ფორმატში, აჩენს ღრმა შეშფოთებას მათი პოტენციალის გამო, რომ საზიანო გავლენა ექნება ისრაელის სახელმწიფოს დემოკრატიულ საფუძვლებზე“, – განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.