ისრაელის ელჩი - მადლობელი ვართ ბევრი ქვეყნის, რომელიც ჩვენ გვერდით დგას, არასდროს დავკარგავთ უკეთესი მომავლის იმედს, სადაც ტერორიზმის ადგილი არაა
2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ისრაელის საელჩომ ღონისძიება გამართა. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საზოგადოების საპატიო წევრები.
მათივე ცნობით, ღონისძიების სპეციალური სტუმრები ისრაელიდან იყვნენ იაკოვ და მარინა მოშიაშვილები, ქართველი ებრაელები, რომელთა ორივე შვილმა გასულ წელს გმირულად გაწირეს სიცოცხლე ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად.
„ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა მიმართა სტუმრებს და ისაუბრა ჩვენს საერთო მოვალეობაზე, გვახსოვდეს და შევახსენოთ მსოფლიოს ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. მან აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა ტერორიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ყველა მძევლის დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მაშინ როდესაც ისინი უკვე ერთი წელია, ტყვეობაში, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. თავის სიტყვაში მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ებრაული ახალი წელი, რომელიც ახლახან დაიწყო, კურთხეული იქნება – სასიხარულო ამბავს მოუტანს ისრაელს, უკრაინას და მსოფლიოს“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ისრაელის ელჩმა კომენტარი გააკეთა მედიის წარმომადგენლებთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ ისაუბრა 7 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. მეიცადის თქმით, ისრაელი მადლობელია ყველასი, ვინც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ გვერდით დგას.
„დღეს ისრაელის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა. ერთი წელი გავიდა იმ სიმხეციდან და სასაკლაოდან, რომელიც „ჰამასმა“ გასული წლის 7 ოქტომბერს მოაწყო. ისრაელელი თუ სხვა ეროვნების 1 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ დღეს, 252 ადამიანი იქნა გატაცებული და ჯერ კიდევ გვყავს 101 მძევალი, რომელთა გადარჩენა ჩვენი ამოცანაა. ისრაელი შვიდ ფრონტზე იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ და მადლობელი ვართ ბევრი ქვეყნის, რომელიც ამ ბრძოლაში ჩვენ გვერდით დგას. არასდროს დავკარგავთ უკეთესი მომავლის, უკეთესი სამყაროს იმედს, სადაც ტერორიზმისა და ანტისემიტიზმის ადგილი არაა. მადლობა ყველას, ვინც დღეს შემოგვიერთდა“, – განაცხადა ჰადას მეიცადიმ.