ღაზის სექტორში პოლონეთის მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებული განცხადების გამო ისრაელის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ღაზის სექტორში პოლონეთის მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებული განცხადების გამო ისრაელის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ღაზის სექტორში პოლონეთის მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებული განცხადების გამო პოლონეთში ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

პოლონეთში ისრაელის ელჩმა, იაკოვ ლივნემ განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენეებმა და ულტრამემარცხენეებმა სცადეს, ისრაელი განზრახ მკვლელობაში დაედანაშაულებინათ.

„ანტისემიტები ყოველთვის დარჩებიან ანტისემიტებად და ისრაელი დარჩება დემოკრატიულ ებრაულ სახელმწიფოდ, რომელიც იბრძვის არსებობის უფლებისთვის, ასევე მთელი დასავლური სამყაროს სასიკეთოდ“, – განაცხადა ისრაელელმა დიპლომატმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ამ განცხადებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ იაკოვ ლივნე არის „ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრობლემა პოლონეთთან ურთიერთობაში“. დუდას განცხადებით, ისრაელის ხელისუფლებამ ტრაგედიაზე ისაუბრა „ძალიან თავშეკავებულად“, მაგრამ „სამწუხაროდ, პოლონეთში მათ ელჩს არ შეუძლია, შეინარჩუნოს ასეთი დელიკატურობა და მგრძნობელობა, რაც მიუღებელია“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, რომელიც ანჯეი დუდას პოლიტიკური ოპონენტია, მსგავსი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ისრაელის ელჩის კომენტარი მიუღებელი იყო და პოლონელებს შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, ამის გამო პოლონეთში ისრაელის ელჩმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების ავტომობილების დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ჰუმანიტარულ მისიას პოლონეთის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქეები ატარებდნენ.