ისრაელის ელჩი - კიდევ ერთხელ ვისურვებთ სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას, ვლოცულობთ და მოვუწოდებთ, ჩვენი მძევლები გათავისუფლდნენ
ისრაელის ელჩი - კიდევ ერთხელ ვისურვებთ სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას, ვლოცულობთ და მოვუწოდებთ, ჩვენი მძევლები გათავისუფლდნენ

ებრაელები მთელი მსოფლიოს გარშემო დღეს ხანუქას პირველ სანთელს ანთებენ. როგორც საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ებრაული დღესასწაული სიმბოლოა გამბედაობის, შეუპოვრობისა და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების.

ისრაელის საელჩოში ასევე აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ხანუქა ღაზაში ისრაელის მიერ „ჰამასთან“ ბრძოლის გაგრძელების პირობებში დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა რაბინებთან და საქართველოს ებრაული თემის წევრებთან ერთად აანთეს დღესასწაულის პირველი სანთელი.

„კიდევ ერთხელ ვისურვებთ სიკეთის – ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას. ყველანი ვლოცულობთ და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ჩვენი მძევლები ტერორისტების ხელიდან. დარწმუნებული ვართ, რომ სინათლე კიდევ ერთხელ დაამარცხებს სიბნელეს“, – განაცხადა ელჩმა მეიცადმა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ხალხს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ელჩმა მეიცადმა ხანუქას პირველი სანთელი მიუძღვნა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ღაზაში გატაცებული ბიბასების ოჯახის, იარდენის, შირის, არიელისა და კფირის უსაფრთხო დაბრუნებას.

„ყველაზე პატარა, კფირ ბიბასი, რომელიც მალე 11 თვის გახდება, უკვე ორი თვეა, რაც ტერორისტების მძევალია. „ჰამასის“ ტერორისტებმა კფირი და მისი ოთხი წლის ძმა არი, დედა შირისთან ერთად გაიტაცეს. აღნიშნული ოჯახი სისხლიან შაბათს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სიმბოლოდ იქცა“, – ნათქვამია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩმა ბიბასების ოჯახზე საუბრისას აღნიშნა: „მათი უდანაშაულო სახეები, როდესაც ისინი დედის ხელებში მყოფნი გაუჩინარდნენ ღაზაში, ყველას კვლავ გვაწუხებს“.

ისრაელის საელჩოში აღნიშნავენ, რომ თბილისში და მთელ მსოფლიოში დღეს საღამოს ხანუქას სანთელი ეძღვნება ბიბასების ოჯახს. ებრაელები ლოცულობენ მათი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის სხვა ისრაელელ მძევლებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.