ისრაელ ადესანიამ კელვინ გასტელუმი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (ვიდეო)
ნიგერიელი მებრძოლი ისრაელ ადესანია (17-0) აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საშუალო წონითი კატეგორიის დროებითი ჩემპიონია. UFC 236 ატლანტაში გაიმართა და ორი სატიტულო ბრძოლით დასრულდა.
ადესანიამ და გასტელუმმა (15-4) გულშემატკივარს დაუვიწყარი ბრძოლა აჩუქეს. გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი რაუნდის გამართვა გახდა საჭირო. პირველი რაუნდი, თამამად შეიძლება ითქვას, გასტელუმმა (რომელიც, სხვათა შორის, ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძის თანაგუნდელია) ნიგერიელზე უკეთ გამართა და რამდენჯერმე სერიოზული ზიანიც მიაყენა მეტოქეს.
შემდგომ უპირატესობას დაუმარცხებელი ნიგერიელი დაეუფლა. საბოლოოდ, გადამწყვეტი მეხუთე რაუნდი გამოდგა, რომელიც ადესანიას დამაჯერებელი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ისრაელმა დროებითი ქამარი მოიპოვა. 2019 წელს საშუალო წონითი კატეგორიის ტიტულისთვის ისრაელ ადესანია მოქმედ ჩემპიონ რობერტ ვაიტტეკერს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად ტრავმას მკურნალობს.