ისრაელ ადესანია მომდევნო ბრძოლას ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ტიტულისთვის იან ბლაჰოვიჩთან გამართავს (ვიდეო)
დანა უაიტმა UFC Vegas 12-ის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბევრი საინტერესო სიახლე გაგვაცნო. როგორც ცნობილი ხდება, საშუალო წონითი დივიზიონის დაუმარცხებელი ჩემპიონი, ისრაელ ადესანია მომდევნო დაპირისპირებას ნახევრად მძიმე წონის ტიტულისთვის იან ბლაჰოვიჩთან გამართავს.
პრომოუშენი საფუძველს უმზადებს სუპერ ბრძოლას ჯონ ჯონსისა და ისრაელ ადესანიას მონაწილეობით. ამის შესახებ უაიტმა არაერთხელ ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ, ადესანიამ მაგან ოლივისთან ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2021 წელს აუცილებლად დაუპირისპირდება ჯონ ჯონსს.
როგორც ცნობილია, ჯონსი მძიმე წონით კატეგორიაში აპირებს ასპარეზობას და ამჟამად სწორედ ამისთვის ემზადება. შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ძალიან საინტერესო მომდევნო წელი ელოდებათ.