ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობისთვის სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯება
ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობისთვის სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. დავითაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.
თბილისის მერის განცხადებით, დავითაიას ქუჩა პირდაპირ დაუკავშირდება მეტრომშენისა და მე-8 პოლკის დასახლებას და ამ კვანძით უკვე პირდაპირ კახეთის გზატკეცილზე გასვლა იქნება შესაძლებელი.
„ფაქტობრივად, ახალი გზის მოწყობა დაიწყო. აქ იყო ძალიან ვიწრო გრუნტის გზა. ადამიანები სარგებლობდნენ, თუმცა სერიოზული პრობლემა იყო. თუ დიდი მანქანა ან ჯიპი არ გყავდა, გადაადგილება პრობლემა იყო. დავითაიას ქუჩა პირდაპირ დაუკავშირდება მეტრომშენისა და მე-8 პოლკის დასახლებას და შესაძლებელი იქნება ამ კვანძით უკვე პირდაპირ კახეთის გზატკეცილზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მარტივად გადასვლა, თბილისის ზღვაზე ამოსვლა. ძალიან საინტერესო პროექტია და დაახლოებით სამი მილიონი ლარი დაიხარჯება. გზა სიგრძეში კილომეტრზე მეტია და სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება დასრულებული“, – განაცხადა კალაძემ
პროექტის ფარგლებში სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ბლექ სი ჯგუფი“ განახორციელებს.
დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან ერთად სამუშაოებს დავითაიას ქუჩაზე მერის მოადგილე, რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნო.