მაიამის „მასტერსის” პირველი ფინალისტი ამერიკელი ჯონ ისნერი გახდა. მან ნახევარფინალურ შეხვედრაში საათსა და 25 წუთში ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელსაც 15-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა – 6:1, 7:6(2).
ისნერს პირველ პარტიაში ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა, მეორეში ერთი შანსი მიიღო და ვერ შეძლო მისი რეალიზება, რასაც ტაი-ბრეიკი მოჰყვა და იქ მეტოქე ამერიკელმა გაანადგურა – 7:2.
ისნერმა 13 ეისი ჩააწოდა და საკუთარ მოწოდებაზე ისე ითამაშა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა დელ პოტროს.
ამ მოგებით, ამერიკელი ATP-ის კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში დაბრუნდება.
ფინალში ისნერის მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევისა და ესპანელი პაბლო კარენიო ბუსტას ნახევარფინალში გაირკვევა.