ინდიან უელსის მეორე ნახევარფინალში დელ პოტრო და რაონიჩი გავიდნენ
ინდიან უელსის მეორე ნახევარფინალში დელ პოტრო და რაონიჩი გავიდნენ

ინდიან უელსის “მასტერსზე” ბოლო ორი მეოთხედფინალი გაიმართა. მეორე ნახევარფინალური წყვილი არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ და კანადელმა მილოშ რაონიჩმა დააკომპლექტეს.

ტურნირის მეექვსე ნომერი დელ პოტრო გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს ხვდებოდა, რომელმაც წინა წრეში მეორე ნომრად განთესილი მარინ ჩილიჩი დაამარცხა. კოლშრაიბერმა მეოთხედფინალიც კარგად დაიწყო და პირველი სეტი მოუგო დელ პოტროს, თუმცა, მომდევნო ორ პარტიაში არგენტინელმა არც ერთი ბრეიკი არ გააკეთებინა მეტოქეს, თავად კი თითო სეტში თითოჯერ მოიგო მოწინააღმდეგის მოწოდება და ორ საათსა და ცხრა წუთში 3:6, 6:3, 6:4 გაიმარჯვა.

დელ პოტრო მესამედ და 2013 წლის შემდეგ პირველად გავიდა ინდიან უელსის “მასტერსის” ნახევარფინალში. 34 წლის გერმანელი კი კარიერაში 83-ე “მასტერსს” თამაშობდა და აქამდე არასოდეს ყოფილა ოთხ საუკეთესოს შორის.

მეორე მეოთხედფინალში ამერიკელი სემ კუერი ახლოს იყო ნახევარფინალის საგზურთან. ის ფლობდა ინიციატივას რაონიჩის წინააღმდეგ, უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი მოაგროვა, მაგრამ მესამე სეტი უკეთ კანადელმა წარმართა და საათსა და 53 წუთში სამ სეტში მოიგო – 7:5, 2:6, 6:3.

რაონიჩი ​ინდიან უელსის “მასტერსის” ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს.