მთელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ობიექტი ასტრონომებმა აქვე, ჩვენს გალაქტიკაში დააფიქსირეს.
ჩვენგან დაახლოებით 17 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მკვრივი სფერული ვარსკვლავთგროვის, ომეგა კენტავრის ცენტრში, ასტრონომებმა შუალედურმასიანი შავი ხვრელის არსებობის მტკიცებულებას მიაგნეს. მისი მასა სულ მცირე 8200 მზის მასას უნდა უდრიდეს.
ის ამ მოუხელთებელი ობიექტის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია ამ დროისათვის არსებულთა შორის — ესაა შავი ხვრელები, რომლებიც ვარსკვლავური მასის და გალაქტიკათა ცენტრში მოთავსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელთა შორის მასის დიაპაზონში თავსდებიან. ამავე დროს, მათი მტკიცებულება სხვა სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებშიც არის ნაპოვნი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავთა ეს უცნაური გროვები საუკეთესო ადგილებია მათ საძებნელად.
„გაუწყებთ ომეგა კენტავრში შვიდ სწრაფად მოძრავ ვარსკვლავზე ჩატარებულ დაკვირვებათა შესახებ. ამ სწრაფად მოძრავ ვარსკვლავთა გადაადგილების სიჩქარეები მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე ვარსკვლავთგროვის მოსალოდნელი ცენტრალური გაქცევის სიჩქარე; შესაბამისად, მათი არსებობა შეიძლება აიხსნას მხოლოდ მასიური შავი ხვრელის მიერ ჩაჭერით. მხოლოდ ამ სიჩქარეების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ შავი ხვრელის მასის ქვედა ზღვარი 8200 მზის მასა უნდა იყოს, რის გამოც, ეს შუალედურმასიანი შავი ხვრელის კარგი შემთხვევაა ადგილობრივ სამყაროში“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი მაქსიმილიან ჰაბერლე ხელმძღვანელობდა.
შუალედურმასიანი შავი ხვრელები (IMBH) იშვიათია, ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც აქამდე ვიცით. თავსდებიან მასის დიაპაზონში, რომელიც 100-დან 100 000-მდე და მაქსიმუმ მილიონამდე მზის მასას შორისაა მოქცეული.
ნებისმიერ შემთხვევაში, მცირე დაბოლოების მხარეს არის ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები, რომლებიც მასიურ ვარსკვლავთა ბირთვის კოლაფსის შედეგად წარმოიქმნენ და ზოგიც შემდეგ, ამ შავ ხვრელთა შერწყმის შედეგად; დიდი დაბოლოების მხარეს კი არის სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებშიც მილიარდობით მზის მასა იყრის თავს.
ეს ფაქტი პრობლემას წარმოადგენს, რადგან შუალედურმასიან შავ ხვრელთა გარეშე, არ არსებობს მასის ამ ორი დიაპაზონის „შემაერთებელი ქსოვილი“. ასტრონომთა აზრით, სუპერმასიური შავი ხვრელები თანდათან იზრდება ვარსკვლავურ შავ ხვრელთა ნელი აკუმულაციისა და იერარქიული შერწყმების შედეგად. თუმცა, შუალედურმასიან შავ ხვრელთა გაცილებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო, რათა შესაბამისობაში იყოს სამყაროში არსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელთა რაოდენობასთან.
სფერული ვარსკვლავთგროვები საძებნელად კარგი ადგილი ჩანს. ეს გახლავთ ვარსკვლავთა ჯგუფები, რომლებშიც მილიონობით ვარსკვლავი იყრის თავს, აქვთ სფერულის სტრუქტურა და ვარსკვლავები თევზებივით არის ჩაწყობილი. ირმის ნახტომში ამ დროისათვის დაახლოებით 150 ასეთი გროვაა აღმოჩენილი. მათი წარმოშობის ამბავი ბოლომდე გარკვეული არ არის.
სფერულ გროვათა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ ცენტრებში მასის მაღალი კონცენტრაციაა, რაც შუალედურმასიან შავ ხვრელთა მასის დიაპაზონებთან მოდის შესაბამისობაში. მართლაც, არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს შავი ხვრელები შეიძლება სწორედ მათ შიგნით იმალებოდნენ.
მიჩნეულია, რომ ომეგა კენტავრი წარმოადგენს ერთ დროს ჯუჯა გალაქტიკის, სახელად გაია სოსისის მოშიშვლებულ ბირთვს. მისი სიგანე დაახლოებით 150 სინათლის წელია და შეიცავს დაახლოებით 10 მილიონ ვარსკვლავს. ჯუჯა გალაქტიკები სრული ზომის მქონე გალაქტიკათა პატარა ვერსიებია და შესაძლებელია, რომ მათ ცენტრში სუპერმასიურის ნაცვლად, შუალედურმასიანი შავი ხვრელები იყო.
თუ შავი ხვრელი მატერიას არ შთანთქავს და უბრალოდ კიდია სივრცეში, მისი შემჩნევა ურთულესია. ამიტომ, სფერულ გროვებსა და ჯუჯა გალაქტიკებში შუალედურმასიან შავ ხვრელთა ძებნა ხშირად მიმართავს ვარსკვლავურ კინემატიკას — იმის კვლევას, თუ როგორ მოძრაობენ ვარსკვლავები მასის გარშემო გრავიტაციულ ურთიერთქმედებათა გამო. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული გიგანტური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს გარშემო ვარსკვლავთა მოძრაობა.
წინა კვლევებში, ომეგა კენტავრის ვარსკვლავთა მოძრაობის შესწავლისას, მეცნიერებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომ ამ გროვაში შუალედურმასიანი შავი ხვრელი იმალება. ეს კვლევები ათი წლის წინ ჩატარდა და ამიტომ, ჰაბერლესა და მის კოლეგებს მისი უფრო დეტალური შესწავლა და ზუსტი პასუხის მიღება სურდათ.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის 20-წლიანი მონაცემების გამოყენებით, ჯამში 500-ზე მეტი ფოტოთი, მათ აღადგინეს და განაახლეს ომეგა კენტავრის ცენტრალური რეგიონის საკუთარ მოძრაობათა უფრო დეტალური კატალოგი. ეძებდნენ ვარსკვლავებს, რომელთა მოძრაობაზეც გავლენას ახდენდა რაღაც გიგანტური, უხილავი მასა.
მთლად ცენტრალურ რეგიონში, მათ რამდენიმე ძლიერ სწრაფად მოძრავი ვარსკვლავი იპოვეს, რომელთა მოძრაობაც ძალიან წააგავდა მშვილდოსანი A*-ს გარშემო მოძრავი ვარსკვლავებისას. მათი მოძრაობისა და გადაადგილების გულმოდგინედ შესწავლის შედეგად, მკვლევრებმა განსაზღვრეს მასის ქვედა ზღვარი იმ ობიექტისა, რომელთანაც უნდა ყოფილიყვნენ ისინი ურთიერთქმედებაში. ასე მიიღეს 8200 მზის მასა, რაც მხოლოდ შუალედურმასიან შავ ხვრელს შეიძლება ჰქონდეს.
მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ მიღებული შედეგების ერთადერთი ახსნა მხოლოდ შუალედურმასიანი შავი ხვრელია.
„ეს შავი ხვრელი მნიშვნელოვან საწყის წერტილს გვაძლევს დაბალმასიან გალაქტიკებში შავ ხვრელთა დემოგრაფიის შესასწავლად, ისევე როგორც მასიურ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებში და მოშიშვლებულ გალაქტიკურ ბირთვებში აღმოჩენილთათვის“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, ეს შავი ხვრელი ჩვენთან უახლოესი მასიური შავი ხვრელია და მეორე მშვილდოსანი A*-ს შემდეგ, რომლის შესწავლაც მრავალი ინდივიდუალური ვარსკვლავური კომპანიონის მოძრაობის საშუალებით შეგვიძლია.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.