უახლოეს მეზობელ დიდ გალაქტიკაში უიშვიათესი ტიპის შავი ხვრელი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
უახლოეს მეზობელ დიდ გალაქტიკაში უიშვიათესი ტიპის შავი ხვრელი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ირმის ნახტომის უახლოეს მეზობელ დიდ გალაქტიკაში აღმოაჩინეს უიშვიათესი „საგანძური“, რომელმაც შეიძლება, ნათელი მოჰფინოს შავ ხვრელთა ევოლუციას.

ანდრომედას გალაქტიკის (M31) ერთ-ერთ ვარსკვლავთგროვაში ასტრონომებმა სინათლის ცვლილებებზე დაკვირვებით გამოავლინეს შავი ხვრელი, რომლის მასაც ჩვენი მზისას 100 000-ჯერ უნდა აღემატებოდეს. შედეგად, ეს ობიექტი თავსდება ე. წ. შუალედურმასიან დიაპაზონში; ასეთი მასის შავი ხვრელები ფრიად მოუხელთებელია და მათ ასტრონომები გამალებით ეძებენ, რათა პასუხი გასცენ ფუნდამენტურ კითხვებს შავ ხვრელთა ევოლუციის შესახებ.

„მაღალი რეზოლუციის მასის მოდელებისა და კინემატიკის გამოყენებით, ~100 000 მზის მასის მქონე შუალედურმასიანი შავი ხვრელი (IMBH) 3-სიგმაზე მეტი მნიშვნელობით დავაფიქსირეთ“, — წერს ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის მკვლევარი რენუკა პეჩეტი ხელმძღვანელობდა.

შავი ხვრელები ძლიერ მოუხელთებელი ობიექტებია. მათი დაფიქსირება შეუძლებელია, თუ ისინი მატერიას აქტიურად არ შთანთქავენ. ამ პროცესში წარმოიქმნება უკიდურესად კაშკაშა რადიაცია. ამიტომ, მათი პოვნა ერთგვარი დეტექტიური საქმიანობაა, რომელიც მათი მიმდებარე სივრცის კვლევას გულისხმობს.

შავი ხვრელის არსებობის ერთ-ერთი ასეთი მინიშნებაა მათ გარშემო ობიექტთა ორბიტები.

ამ დრომდე სხვადასხვა მეთოდით აღმოჩენილ შავ ხვრელთა უმეტესობა მასის ორ დიაპაზონში თავსდება. არსებობს ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები, დაახლოებით 100 მზის მასამდე; და სუპერმასიური შავი ხვრელები, რომელთა მასაც მილიონობით და მილიარდობით მზის მასას აღწევს.

მათ შუაში არის დიაპაზონი, რომელსაც შუალედურს უწოდებენ და ასეთი შავი ხვრელების აღმოჩენა უიშვიათესია.

ამ დროისათვის, სულ რამდენიმე შუალედურმასიანი შავი ხვრელია აღმოჩენილი, რაც მკვლევრებს ძალიან უშლის ხელს: შუალედურმასიან შავ ხვრელთა გარეშე, მეცნიერებს უჭირთ იმის დადგენა, როგორ თანაარსებობს ეს ორი ძლიერ განსხვავებული მასის რეჟიმი.

ამ ნაპრალს ამოავსებდა შუალედურმასიან შავ ხვრელთა მოზრდილი პოპულაცია, შემოგვთავაზებდა მექანიზმს, რომლითაც ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები შეიძლება გადაიქცნენ ასეთ „ბეჰემოთებად“.

ასე მივედით ანდრომედამდე; კონკრეტულად კი მის ერთ-ერთ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვა B023-G078-ში.

B023-G078 ანდრომედას ყველაზე მასიური ასეთი ვარსკვლავთგროვაა. არის დაახლოებით სფერული ფორმის, ვარსკვლავების გრავიტაციულად შეკრული ჯგუფი, რომელშიც თავს იყრის 6,2 მილიონი მზის მასა.

მოდელების მიხედვით, ასეთი გროვების წარმოქმნის ერთ-ერთი გზაა ერთი გალაქტიკის შეჯახება მეორესთან. ეს ფენომენი საკმაოდ გავრცელებულია; ირმის ნახტომმაც და ანდრომედამაც ასეთი რამ წარსულში რამდენჯერმე ჩაიდინეს. სფეროსებრი გროვები შეიძლება გადაყლაპული პატარა გალაქტიკების ბირთვების ნარჩენები იყოს.

პეჩეტისა და მისი კოლეგების აზრით, ასეთია B023-G078-ის წარმოშობის ამბავიც. მის მიერ გამოყოფილი სინათლის საფუძველზე, მათ ლითონის შემცველობა შეისწავლეს და განსაზღვრეს, რომ ამ გროვის ასაკი დაახლოებით 10,5 მილიარდი წელია; ლითონების შემცველობა იგივეა, რაც ირმის ნახტომში არსებული მოშიშვლებული გალაქტიკური ბირთვებისა.

ამის შემდეგ, მათ შეისწავლეს გროვის ცენტრის გარშემო ვარსკვლავთა მოძრაობა და ამის საფუძველზე სცადეს იქ არსებული შავი ხვრელის მასის დადგენა. შედეგად კი მიიღეს დაახლოებით 91 000 მზის მასა, რომელზეც მოდის მთლიანი გროვის მასის დაახლოებით 1,5 პროცენტი.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ B023-G078-ის მშობელი გალაქტიკა ჯუჯა იყო, დაახლოებით მილიარდი მზის მასის მქონე. შედარებისათვის გეტყვით, რომ ირმის ნახტომის გარშემო მოძრავი ჯუჯა გალაქტიკა მაგელანის დიდი ღრუბლის მასა 188 მილიარდი მზის მასაა, ანდრომედასი მი დაახლოებით 1,5 ტრილიონი მზის მასა.

არ არის გამორიცხული, ჯგუფის მიერ აღმოჩენილ მახასიათებელთა მიზეზი რაღაც სხვა იყოს, მაგრამ მათ მიერ შესწავლილი არც ერთი ალტერნატივა არ ემთხვევა მონაცემებს ისე კარგად, როგორც შუალედურმასიანი შავი ხვრელი.

„ჩვენ ვიხრებით ერთი შუალედურმასიანი შავი ხვრელისკენ; ამის საფუძველს მრავალი მინიშნება გვაძლევს. მაგალითად, B023-G78 წარმოადგენს მოშიშვლებულ ბირთვს და აშკარად შესამჩნევია მისი ბნელი კომპონენტის კომპაქტურობა“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა American Astronomical Society-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი