იმ პირველ ვარსკვლავთა ძებნისას, რომლებიც სამყაროს გარიჟრაჟზე აენთნენ, ასტრონომებმა ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავი ზედ ჩვენი გალაქტიკის მეზობლად იპოვეს.
თუმცა, ის ვარსკვლავთა პირველი თაობის წარმომადგენელი არ არის. წყვდიადში მოკაშკაშე ამ ობიექტს LMC 119-ს უწოდებენ და ის ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკა მაგელანის დიდ ღრუბელში აღმოაჩინეს. არის სამყაროს მეორე თაობის ვარსკვლავთა პირველი წარმომადგენელი, რომელიც სხვა გალაქტიკაში აღმოაჩინეს.
„ეს ვარსკვლავი უნიკალურ ფანჯარას გვიხსნის ძლიერ ადრეულ, ელემენტთა წარმოქმნის პროცესში ჩვენი გალაქტიკის მიღმა, სხვა გალაქტიკაში. გვაქვს იდეა, თუ როგორ გამდიდრდნენ ქიმიურად ეს ვარსკვლავები ირმის ნახტომში, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, ზოგიერთი ეს პროცესი უნიკალურია თუ ერთნაირია ყველა გალაქტიკაში“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ანირუდ ჩიტი.
სამყაროს პირველ ვარსკვლავებს არც ისე მრავალფეროვანი მატერია ჰქონდათ. დაიბადნენ წყალბადისა და ჰელიუმის ღრუბლებში, რომლებიც დიდი აფეთქების გარიჟრაჟზე, ადრეულ სამყაროში შეერწყნენ ერთმანეთს. შედეგად, მათი ბირთვები სინთეზის „აპარატებად“ გადაიქცნენ და წყვდიადში აკაშკაშდნენ.
სწორედ ამ ვარსკვლავებმა გარდაქმნეს წყალბადი ჰელიუმად, შემდეგ ჰელიუმი ნახშირბადად და ასე შემდეგ, ყველაზე მასიურ ვარსკვლავთა შემთხვევაში რკინამდე. სწორედ ასეთ ვარსკვლავებში წარმოიქმნა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მრავალი ელემენტი. ამ ვარსკვლავთა აფეთქებებმა და შეჯახებებმა კი უფრო მძიმე ელემენტები წარმოქმნა.
მას შემდეგ, რაც სამყაროში ეს ელემენტები გაჩნდა, ისინი შემდეგი თაობის ვარსკვლავებმა გამოიყენეს. ვარსკვლავის ლითონშემცველობა არის ერთ-ერთი ის საზომი, რომლითაც ასტრონომები მის ასაკს ადგენენ; ლითონების დაბალი შემცველობა ვარსკვლავის შემადგენლობაში ნიშანია იმისა, რომ ის ადრეულ სამყაროში დაიბადა, როცა გარშემო ცოტა ლითონები იყო.
ნამდვილი წმინდა გრაალი იქნებოდა ისეთ ვარსკვლავთა პოვნა, რომლებიც ლითონებს საერთოდ არ შეიცავენ — ანუ სამყაროს პირველი თაობის ვარსკვლავების. თუმცა, ისინი ჯერ ვერ იპოვეს. მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ის პირველი ვარსკვლავები იმდენად გიგანტურები უნდა ყოფილიყო, რომ საწვავი უკიდურესად სწრაფად უნდა ამოეწურათ და დახოცილიყვნენ.
ასტრონომთა აზრით, ირმის ნახტომში აღმოჩენილი ძველი ვარსკვლავები მეორე თაობას მიეკუთვნებიან; მათში ლითონები იმდენად ცოტაა, რომ პირველი თაობის ვარსკვლავთა აფეთქების შედეგად დარჩენილი მატერიისგან უნდა დაბადებულიყვნენ.
ისინი უკიდურესად ცოტაა — ყოველ 100 000 ვარსკვლავზე მხოლოდ ერთი მეორე თაობის ვარსკვლავი მოდის, მაგრამ მათი ძებნა ნამდვილად ღირს. ირმის ნახტომს გარეთ ასეთი ვარსკვლავის აღმოჩენამ უნდა გვითხრას, იყო თუ არა მატერია თანაბრად გადანაწილებული ადრეულ სამყაროში.
„გარე ფენებში ეს ვარსკვლავები ინახავს იმ გარემოს სიახლოვეს არსებულ ელემენტებს, რომელშიც ისინი დაიბადნენ. თუ ძალიან ბებერ ვარსკვლავს იპოვი და მის ქიმიურ შემადგენლობას დაადგენ, გაიგებ, რანაირი ქიმიური შემადგენლობა ჰქონდა სამყაროს იმ ადგილში, სადაც ეს ვარსკვლავი გაჩნდა, მილიარდობით წლის წინ“, — ამბობს ჩიტი.
ჩვენი გალაქტიკის გარეთ უძველეს ვარსკვლავთა მოსაძებნად, ჩიტიმ და მისმა კოლეგებმა ყურადღება მაგელანის დიდი ღრუბლისკენ მიმართეს — ირმის ნახტომის თანამგზავრი გალაქტიკისკენ, რომელიც მას 160 000 სინათლის წლის მანძილიდან უვლის გარშემო. სწორედ იქ იპოვეს მათ LMC 119 — მძიმე ელემენტებით იმდენად მწირი ვარსკვლავი, რომ ის მეორე თაობის ვარსკვლავთა რიგებს უნდა ეკუთვნოდეს.
საინტერესოა, რომ LMC 119-ში მკვლევრებმა ერთ-ერთ იმ კითხვაზე იპოვეს პასუხი, რასაც ეძებდნენ. ის ირმის ნახტომის მეორე თაობის ვარსკვლავებისგან განსხვავდება — აქვს მნიშვნელოვნად ცოტა ნახშირბადი და რკინა.
„ძლიერ დამაინტრიგებელია და მიუთითებს, რომ ადრეული თაობის ნახშირბადით სიმდიდრე, როგორც ამას ირმის ნახტომში ვხედავთ, უნივერსალური არ იყო. შემდეგი კვლევებია საჭირო, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ სხვადასხვა ადგილს შორის არის სხვაობა. ვფიქრობ, ვავსებთ ადრეული სამყაროს ელემენტებით გამდიდრების პროცესის სურათს სხვადასხვა გარემოში“, — ამბობს ჩიტი.
მკვლევართა აზრით, მაგელანის დიდ ღრუბელში შეიძლება კიდევ ბევრი ასეთი უძველესი ვარსკვლავი იმალებოდეს. მათმა პოვნამ შეიძლება ახალი ცნობები მოგვცეს სამყაროს ადრეული დღეებისა და იმ სხვადასხვა ევოლუციური გზების შესახებ, რომლებსაც სივრცისა და დროის მიერ ერთმანეთისგან დაცალკევებული ვარსკვლავები დაადგნენ.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.uchicago.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.